ივანიშვილის "ზვიგენური თამაშები" და გახარია ოპოზიციაში - რა კვანტს უმზადებს გადამდგარი "გროსმაისტერი" სააკაშვილს?
ივანიშვილის "ზვიგენური თამაშები" და გახარია ოპოზიციაში - რა კვანტს უმზადებს გადამდგარი "გროსმაისტერი" სააკაშვილს?

A+ A-

21:29 12/01/2021

ყოფილი პოლიტიკოსი და ყოფილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკიდან მარტივი სქემით არ გასულა, ამას ყველა ხვდება. მან რომ შესაძლოა, „ახალი და კეთილსინდისიერი“ პოლიტიკური ძალა შექმნას, ამაზეც უკვე ღიად მიდის საუბარი, თუმცა, ეჭვებისა და ანალიზის დონეზე.  „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით კი,  „დიდი, ზვიგენური გადაფრენა“ ნამდვილად იწყება, შედეგად, პრემიერი გიორგი გახარია შესაძლოა, ოპოზიციაშიც ვიხილოთ. მეტიც, 2021 წელს ან ახალი ძალა შეიქმნება და პირდაპირ ჩაერთვება თვითმართველობის არჩევნებში, ან ამ ძალის კონტურები მოიხაზება - პირადად ბიძინა ივანიშვილის გეგმითა და კულუარული მხარდაჭერით.

პოლიტიკაში წასვლის დაანონსების შემდეგ კი, პოლიტიკის საკითხებში ექსპერტს, გია ხუხაშვილს ორი არჩევანი უჩნდება:  ან გახარია, ან - „ლელო“.  

ეს არჩევანი დამოკიდებული იქნება იმაზე,  ოპოზიციურ საჭადრაკო დაფაზე გადასვამს ივანიშვილი თავის რეიტინგულ პრემიერს, თუ „ოცნებაში“ ჩატოვებს. აქვე ჩნდება მთავარი კითხვა, რა კვანტს უმზადებს და რა ფრონტს უხსნის 2021-ში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, 2020 წლის ოპოზიციური ბოიკოტისთვის?

მოდით, მივყვეთ და დეტალურად განვიხილოთ „დიდი აურზაურის“ ეპოქის კონტურები ქართულ პოლიტიკაში.  ყველას გვეგონა, რომ 2020 წელს უკვე ვიყავით ამ აურზაურში, არადა, თურმე, ყველაფერი ახლა იწყება. 

ხუხაშვილი, მარგველაშვილი  და ბრძოლა მესამე ძალისთვის

დღეის მდგომარეობით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ე.წ. მესამე ძალის პარტიები ერთის მხრივ კონკურენტების გამოჩენის, მერეს მხრივ კი შიდა გაფართოებისა და სიახლეების მოლოდინში არიან. ძველი „გირჩის“ დაშლისა და ელენე ხოშტარიას „ეროპული საქართველოდან“  წასვლის შემდეგ, გადაადგილებებსა და ახალი კოალიციური კავშირების გაფორმებას კვლავ ელიან.

საჯარო პოლიტიკაში ვიხილავთ პოლიტიკის საკითხებში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექსპერტსა და მმართველი პარტიის ექსთავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, გია ხუხაშვილსაც.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის გარიჟრაჟზე, არა ერთი პოლიტიკოსისა და მათ შორის, პრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური გზის გამკვალავ გია ხუხაშვილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების გადაწყვეტილების დაანონსებისკენ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ და უფრო კონკრეტულად კი, მმართველი პარტიის სადავებიის ირაკლი კობახიძისთვის გადალოცვამ უბიძგა.

როგორც ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, კობახიძის თავმჯდომარეობის ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება  აიძულებს, რომ შემდეგი ნაბიჯები გადადგას, თუმცა, რა იქნება ეს ნაბიჯები ზუსტად, ალბათ, საზოგადოება ამის შესახებ მალე შეიტყობს.

მოკლედ, ივანიშვილის „ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო“,  ექსპერტმა ივანიშვილის მიმართ კრიტიკის თვითშეზღუდვა სრულად მოიხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მამუკა ხაზარაძის  გუნდს - „ლელოს“ შეუერთდება, თუმცა, ხუხაშვილს აქვს სხვა გზაც და ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ.

აღსანიშნავია, რომ “2020NEWS“ ხუხაშვილისა და ხაზარაძის პოლიტიკური კოლაბორაციის შესახებ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა.

მაშინ პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა უარყო ხაზარაძესთან პოლიტიკური ალიანსის შესახებ სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაცია და განაცხადა, რომ მხოლოდ პოლიტიკური რჩევებისთვის შეხვდა „ლელოს“ ლიდერს.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით კი, ხუხაშვილის ხაზარაძესთან აუდიენციები ან სატელეფონო საუბრები წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად იმართებოდა და სხვათაშორის, მან ხაზარაძის გუნდის მთავარი ეკონომიკური სტრატეგიის - „მარშალის გეგმის“  შემუშავებაშიც მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი მანამდეც მუდმივად ლობირებდა იდეას, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გაჩენილიყო მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად შექმნიდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ ალტერნატივას. ეს ძალა კი შეიქმნებოდა შუაშისტური განწყობის მქონე - „არც ნაცი და არც ქოცი“ -ამომრჩევლებისთვის.

“2020NEWS”-თან საუბარში, ხუხაშვილი ამბობდა, რომ  იგი მესამე ცენტრის შექმნისთვის ყველაფერს გააკეთებდა და ამაში თავადაც მიიღებდა მონაწილეობას, რადგან პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისში იყო და სუბიექტური აუცილებლობა ქვეყანაში ორპოლუსიანი შულერული თამაშების დასრულებას ითხოვდა.

ამას ხუხაშვილი წლების წინ ამბობდა და მას შემდეგ გაჩნდნენ მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა „ლელოც“ და სხვა პარტიებიც, თუმცა, ორპოლუსიანი თამაშების დასრულება დღემდე ვერავინ მოახერხა.

ხუხაშვილი კი, ამ ახალი ძლებიდან რომელიმესთან პირდაპირ პოლიტიკურ ასოცირებას თავს არიდებდა.

ახლა ივანიშვილი გავიდა პოლტიკური ველიდან და ხუხაშვილი ამოქმედდა, ყოფილი „უფროსისადმი“ პიროვნული ვალდებულების  მოხსნის საბაბი კი, მის შემთხვევაში - ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობა აღმოჩნდა.

 

საგულისხმოა, რომ მესამე ფრონტის გაძლიერების ინტერესი ქონდა და აქვს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაცრომელიც ჯერ კიდევ სამომავლო პოლიტიკურ ნაბიჯებს არ აანონსებს, თუმცა “2020NEWS”-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ისიც ვიხილოთ ხაზარაძის ,,ლელოში”, სადაც ექსპრეზიდენტის არა ერთი კადრია წარმოდგენილი.

წინასაარჩევნოდ, სააგენტოსთან მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი ამბობდა, რომ “ქვეყანაში მესამე, სერიოზული პოლუსის გაჩენის წინაპირობა არსებობდა“. ორი ძლიერი პარტიის გარდა, ახალ პარლამენტში  არა ერთი, არამედ რამდენიმე პატარა პარტია იქნებოდა, შესაბამისად, სწორედ მაშინ გაჩნდებოდა შესაძლებლობა, რომ მათ თანამშრომლობა ამ ორი პოლუსის მიღმა დაეწყოთ.

ამ ინტერვიუს დროს, ახლადარჩეულ პარლამენტს, გაყალბების მოტივით, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ პარტიები, ბუნებრივია, მარგველაშვილმა არ იცოდა და  ოპოზიციური სპექტრის მესამე ნაწილის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული.

სხვათაშორის, ამ ინტერვიუში “2020NEWS”-ის კითხვაზე, ამ მესამე პოლუსის შემქმნელ ძალებად შეგვიძლია თუ არა, განვიხილოთ იგივე  მამუკა ხაზარაძის „ლელო“, “ლეიბორისტური ეზოს“ ოპოზიცია,  გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“, ექსპრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ ხალხის დაკვეთა  ორი ყოფილი ხელისუფლების საწინააღმდეგო არჩევანი გააკეთება იყო და შეძლებდნენ თუ არა ეს პარტიები პარლამენტში  მესამე პოლუსის შექმნას, ამას ვნახავდით.

თუმცა, ვნახეთ: ოპოზიცია არა - პარლამენტში, არამედ - ქუჩაში და იქ გაერთიანებული. ბრძოლა არა ორივე პოლუსის წინააღმდეგ, არამედ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფრონტიდან ექსპრემიერ ივანიშვილის პოლუსისკენ გახსნილი ცეცხლი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულიად ოპოზიციის გამოცხადებულ ბოიკოტს მარგველაშვილი ემხრობოდა, ხუხაშვილი კი, პარლამენტის გარეთ დარჩენას ოპოზიციას პოლიტიკურ „სისუსტესა“ და არასწორ ქცევაში უთვლიდა.

2021 წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კი, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, მოულოდნელად, სხვა რეალობის წინაშე დააყენა - რეალურად, მათ გადასაყენებელი აღარავინ ყავთ.

მილიარდერი ექსმმართველის მმართველი პარტია კვლავინდებურად არ აპირებს ახალი არჩევნების დანიშვნას, თანაც იმ ფონზე, როცა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატების სახით, ახალი ოპოზიციური პარტია „ევროპული სოციალისტები“ შევიდნენ უკვე საკანონმდებლო ორგანოში.

ხაზარაძე, ვაშაძე და ჯაფარიძე - ახალი კოალიციის კონტურებში

რეალურად, ამ ეტაპის მონაცემებით, ოპოზიცია ორადაა გაყოფილი: ისინი რომლებიც ახალი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშე, პარლამენტში შესვლას არ თვლიან გონივრულ მოქმედებად და ისინი, რომლებიც პირიქით, მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება დათანხმდება საარჩევნო კანონმდებლობის ძირეულ ცვლილებებს, პოლიტპატიმრებიც დროთა განმავლობაში გამოვლენ „თავისუფლებაზე“,  ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

ივანიშვილის წასვლის მიუხედავად, ოპოზიციურ ფრონტზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა იქ  ერთ ვექტორისა და შეხედულებების მქონე პარტიების ალიანსების მონახაზები მაინც გამოიკვეთა.

“2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბოიკოტის მომხრე და ამავე ბოიკოტის გამო, რეალურად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე აღმოჩენილი ე.წ. მესამე ძალები სერიოზულ დისკომფორტს განიცდიან ამ ასოცირების გამო, რადგან მათი „არც ქოცი, არც ნაცი“ ამომრჩევლის დაკვეთა თუ ივანიშვილის ორბიტაზე ტრიალი არ ყოფილა, მით უმეტეს, არც სააკაშვილის ფრონტზე  აღმოჩენა იყო.  

 

ეს დილემა მათ გადასალახი აქვთ და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, ამ პოლარიზებულ პოლიტიკურ ველზე  შესაძლოა, ახალი ოპოზიციური კოალიცია წარმოიქმნას „ლელოს“ , „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და  უკვე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალი -  „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, ძალისხმევით. შესაძლოა, მათ რიგებში აღმოჩნდეს გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველოც“, ანდაც ელენე ხოშტარიას დაანონსებული ახალი პოლიტიკური ძალა, რათა მიხეილ სააკაშვილისა და მისი 9-წლიანი წარსულისგან გამიჯვნა მოახერხონ.

პირველი ამბოხი და მიხეილ სააკაშვილისგან მკვეთრი გამიჯვნის ასევე პირველი მესიჯი „სტრატეგია აღამაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისგან  წამოვიდა, როდესაც განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ დრო დასრულდა“.

ამ სიტყვებით, მაშინ ვაშაძე გამოესარჩლა ხაზარაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, „ლელო“ პარლამენტში შესვლის საკითხს განიხილავდა. ვაშაძის განცხადებითვე, ამ საკითხს მის კოალიციაშიც აქტიურად განიხილავდნენ.

დაახლოებით, ამ ნოტაზე დასრულდა 2020 წლის პოლიტიკური მოვლენები და 2021 წელი კიდევ უფრო სკანდალურად გაიხსნა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით.

გახარია, ხუხაშვილი, ივანიშვილი - ვინ საით წავა?

„2020NEWS“ უკვე წერდა, რომ ოპოზიციაში გადანაცვლებები და პოლიტიკური ზვიგენების გადაფრენა-გადმოფრენა“ ახალ წელს ზედმეტად აქტუალური საკითხი იქნებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლამ საზოგადოებაში ის მოსაზრებაც გააჩინა, რომ ექსოლიგარქი მობრუნდება 2024 წლის არჩევნებისთვის - ახალი პოლიტიკური ძალით, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიქმნება. ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ ძალას ზურგს სწორედ ახალი, „კეთილსინდისიერი ძალების“ გამოჩენის „წინასწარმეტყველების“ დამტოვებელი ყოფილი მილიარდერი და ამჟამად მილიონერი გაუმაგრებს, ოღონდ ფარულად.

„ღმერთმა მომასწროს, რომ უფრო ჯანაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“, - ახალ, კეთილსინდისიერ ძალებზე ამ მესიჯს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუშიც უბრუნდება ივანიშვილი.

ის, რომ ახალი ძალები გაჩნდებიან და კონკურენცია გაიზრდება წინასაარჩევნო პერიოდის გაუგებრობებითა და ბოიკოტით დაზარალებული ე.წ. ერთიანი ოპოზიციისთვის, ეს იციან თავად ამ ოპოზიციაშიც და როგორც ჩანს, ეს ფრონტი იმიჯის შესანარჩუნებლად ემზადება.

აი, აქ სად აღმოჩნდება ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც თავადვე განაცხადა „2020NEWS“-თან, რომ პოლიტიკურ კულუარებში მესამე ძალის გაძლიერებისთვის იბრძვის, ან სად დაჯდება პოლიტიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის გააქტიურებული  ფიგურა, მართლაც საინტერესო თემაა.

დიდი ალბათობით, თუ მარგველაშვილი შეძლებს და თავის გარშემო შემოიკრებს ე.წ. მესამე ძალის პოლიტიკურ პარტიებს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვერ მოახერხა, მაშინ შესაძლოა, მარგველაშვილ-ხუხაშვილი მათ ავანგარდში ვიხილოთ ხაზარაძის „ლელოსთან“ ერთად.

ანდაც მხოლოდ მარგველაშვილი ვიხილოთ ამ ფრონტზე, რადგან ხუხაშვილის გააქტიურების კიდევ ერთი ხაზია საინტერესო.

როგორც „2020NEWS” უკვე წერდა, მმართველ პარტიაში კობახიძის საკითხი კი გაირკვა, მაგრამ პარტიის თანამდებობაზე პრეტენზიის მქონე გენმდივნის, კახა კალაძისა და პარტიის ყველაზე რეიტინგული ფიგურის, პრემიერ გიორგი გახარიას საკითხია გასარკვევი.

 

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, თუ თავმჯდომარეობა კობახიძეს დაუთმობდა, კალაძე, „შუშის სასახლის“ დიდი გარჩევების დროს, პრემიერობას ითხოვდა. გახარია კი, რომელიც ამ სცენარში აღარ ჯდება, ან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლას უნდა დათანხმდეს, ან ახალ პოლიტიკურ ძალაზე იფიქროს.

აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ გახარია სწორედ ხუხაშვილის შეყვანილი კადრია „ქართულ ოცნებაში“.  კობახიძესა და ხუხაშვილს შორის კი,  ყოველთვის „შავი კატა“ დარბოდა, როცა ექსპერტი ჯერ კიდევ „ოცნებაში“ იყო. მისი მკვეთრი რეფლექსური რეაგირება კობახიძის თავმჯდომარეობაზე ამ დაპირისპირების მიმანიშნებელიცაა.

მეორეს მხრივ კი, ახლა კობახიძის დაწინაურება პირდაპირ ნიშანია, რომ მისი კადრის ბედი თავდაღმა წავიდა და თუ გახარია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ხუხაშვილს მეორე არჩევანიც უჩნდება - ნახტომი მისკენ გააკეთოს.

ხუხაშვილისგან ამ ნაბიჯის გადადგმა გამორიცხული არაა, რადგან პოლიტიკის საკითხში ექსპერტი, ივანიშვილისგან წამოსვლის შემდეგაც, მუდმივად ლობირებდა გახარიას, როგორც კარგ კადრს და ამასთანავე, ღიად აცხადებდა, რომ ის პოლიტიკურ რჩევებს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აძლევდა და ოპოზიციისასაც.

კობახიძეზე ხუხაშვილის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ ერთი ვარაუდიც ჩნდება: ხუხაშვილის რჩევა სადღაც არ გაითვალისწინეს და გაბრაზდა. შესაძლოა, არ გაითვალისწინეს შუშის სასახლეშიც, რომელიც ახლა ფონდ „ქართუს“ საკუთრებაშია და სწორედ, მის ყოფილ მფლობელზეა ექსპერტი გაბრაზებული, გახარიას  გვერდზე გაწევის გამო.

რატომ გაწია ძლიერი ფიგურა - გახარია საჭადრაკო დაფიდან ივანიშვილმა, ჯერ არავინ იცის და ხუხაშვილსაც რომ არ გაუმხელდა, ძნელი გამოსაცნობი არაა.

ერთი რამ ფაქტია, პოლიტიკიდან „ნამდვილად წასულმა“ ექსთავმჯდომარემ, თავის ადგილზე დაბალრეიტინგიანი კობახიძის დატოვებით, „ქართული ოცნება“, დაასუსტა და რეალურად ოპოზიციაში გადასვლისთვის გაწირა, რაზეც თავის გამოსამშვიდობებელ, ღია წერილში პირდაპირ დაწერა კიდეც.

თუმცა, თუ ახალ ძალას ქმნის, პერსპექტიულ დამწყებებთან ერთად, მაშინ ექსმილიარდელს პოლიტიკურად ძლიერი ფიგურებიც დასჭირდება ახალის „შობისა“ და თავისი მონსტრი მმართველი ძალის „დასანგრევად“, ასევე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური ველიდან გასაძევებლად.

რადგან პოლიტიკა რადიკალური მოულოდნელობებისგან დაზღვეულ სფეროებს ნამდვილად არ განეკუთვნება, ის ვარიანტი ძალიან მარტივად შეგვიძლია,  დავუშვათ, რომ თუ, ზოგადად,  გახარია ივანიშვილის „კეთილსინდისიერი ახალი ძალების“ სქემაშია გათვალისწინებული,  წინ ბევრი სიურპრიზი გველის.

ხუხაშვილს კი, რომელსაც რაღაცნაირად სიმბოლურად, სოლოლაკის ცნობილ პოლიტიკურ სახლში მეზობლებად, პრემიერი გიორგი გახარია და „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჰყავს, ორივე მხარეს აქვს „გასაქცევი“.

დასკვნისთვის, არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ფორმალური წასვლითა და ირაკლი კობახიძის მოსვლით დასუსტებული „ქართული ოცნება“ მზადდება თუ არა ოპოზიციაში გადასასვლელად, ანუ დაიშლება თუ არა „რთულ მამრავლებად“ „ახალი, კეთილსინდისიერი ძალისთვის“ გზის გასახსნელად, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი უფრო გაფართოვდება, თუ შეიკუმშება, ამას დრო და პოლიტიკური პროცესები, დიდი ალბათობით, ძალიან მალე აჩვენებს, ახალ თვითმმართველობის არჩევნებამდე ხომ აღარაფერი დარჩა.  

და ბოლოს მთავარი - „ნაცმოძრაობის“ არაფორმალ მმართველს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ოპოზიციური ფრონტი გაუერთიანა და მძიმე დარტყმა მიაყენა „ქართული ოცნების“ ექსლიდერს - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ახალ ,,კვანტურ"ფრონტს რომ აუცილებლად გაუხსნის ბიძინა ივანიშვილიც, ამაში ეჭვის შეტანა მხოლოდ პოლიტიკური გულუბრყვილობის სფეროა. „ახალი, კეთილსინდისიერი ძალის“ შექმნის სურვილ-იდეა კი, რომელიც დემოკრატიის კანონზომიერებად „გასაღდა“, ზუსტად ჯდება ივანიშვილისეული „კუდიანების დევნის“ გეგმასა და მის ხასიათში, არ წააგოს, არათუ - წაგებული წავიდეს, საკუთარი "ოცნებისგან" ,,ნამდვილად გამიჯნული" გამილიონერებული მილიარდერი.

რუსა მუმლაძე