აღარც პოლიტიკოსი და აღარც მილიარდერი - ივანიშვილის ბურუსით მოცული ქონება
აღარც პოლიტიკოსი და აღარც მილიარდერი - ივანიშვილის ბურუსით მოცული ქონება

A+ A-

14:32 12/01/2021

პოლიტიკიდან წავიდა, მილიარდერობაზე უარი თქვა და 2020 წლის 31 დეკემბრამდე მთელი ქონება გაასხვისა - თუმცა, "Bloomberg Billionaires Index"-ის მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერად კვლავ მოხსენიებულია.

როგორც „ბლუმბერგის“ დღევანდელი მონაცემებით ირკვევა, ზუსტად ერთ კვირაში, ანუ 31 დეკემბრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი 50 მილიონით გამდიდრდა.

თუ გასულ კვირას ივანიშვილის ქონება 5.67 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღეს უკვე მისი ქონება 5.72 მილიარდი დოლარია.

არადა, თავად ივანიშვილმა თავის ღია წერილში განაცხადა, რომ არასდროს ფლობდა ამ რაოდენობის ქონებას და 1,5 მილიარდზე მეტი თანხა არ ქონია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, ივანიშვილი ეჭვქვეშ აყენებს „ბლუმბერგისა“ და „ფორბსის“ დათვლის მექანიზმს და ამბობს, რომ შეუძლია ორივე გამოცემას უჩივლოს, ვნახოთ, ამავე „ბლუმბერგის გამოთვლებით, რამდენჯერ განიცადა გასულ წელს ივანიშვილის ქონებამ ძვრები.

გამოცემის მონაცემებით, პანდემიის ფონზე, სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით, ქართველი ოლიგარქის ქონება ძირითადად, იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ქონება გაიზარდა, "Bloomberg Billionaires"-ის მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეიტინგში მან 459-ე ადგილიდან 461-ე ადგილას გადაინაცვლა.

ამასთანავე, ივანიშვილს 5.72 მილიარდ დოლარად შეუძლია შეიძინოს 3.09 მილიონი უნცია ოქრო და 103 მილიონი ბარელი ნავთობი.

თუ "Bloomberg Billionaires Index"-ის მონაცემებში ივანიშვილი 5 მილიარდზე მეტს ფლობს, "Forbes The Real-Time Billionaries"-ის სიაში ის 573-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 4.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკიდან წასულმა თუ გაქცეულმა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი. დანარჩენი კი, შვილებსა და თავისივე კომპანია "ქართუს" "გადაულოცა".

საზოგადო და საქვეყნო საქმე - ასე უწოდებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქონების საკუთარი ფონდისთვის გადაფორმებას.

მისივე თქმით, შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის სურვილი.

როგორც უკვ აღვნიშნეთ, ივანიშვილი ამბობს, რომ არასდროს არ ყოფილა ასეთი დიდი სიმდიდრის მფლობელი და მის მფლობელობაში 1,5 მილიარდზე დიდი თანხა არ ყოფილა. ასევე, მისივე განცხადებით, მას შეუძლია უჩივლოს "Bloomberg"-სა და "Forbes"-ს - დათვლის მექანიზმის გამო.

სხვათაშორის, ქართული „ფორბსის“ რედაქტორი გიორგი ისაკაძე სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ ივანიშვილი მხოლოდ რუსულ „ფორბსთან“ თანამშრომლობს და მას აწვდის ინფორმაციას, ამიტომ ისაკაძისთვის გაუგებარია, რას ერჩის მედიაგამოცემებს ოლიგარქი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ქონება ყველაზე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2013 წელს, როდესაც მისი ქონება 6.40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. მისი ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული.

მარიამ მაჭარაშვილი