გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 8 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 8 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

A+ A-

09:42 11/01/2021

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 8 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

პროცესზე სამი პირის, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. ამასთან, ადვოკატები აღნიშნული პირების საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შუამდგომლობასაც დააყენებენ.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, სხდომაზე ასევე განიხილება საკითხი, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს. დავით ჭიკაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლება მოხდება.

ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულებზე ამნისტიის კანონპროექტი ისედაც მოქმედებს, დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა, გაკეთდება თუ არა განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

„საქალაქო სასამართლოში განახლდება საბა ჩხარტიშვილისა და დანარჩენი ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დაცვის მხარე, კონკრეტულად კი საბა ჩხარტიშვილის დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას შეფარდებული პატიმრობის შეცვლის თაობაზე. ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებას, გირაოს მოვითხოვთ. ასევე, დაცვის მხარე დააფიქსირებს პოზიციებს წარმოდგენილი მტკიცებულებების სადავო-უდავოობასთან დაკავშირებით. ასევე, პროცესზე განიხილება საკითხი სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფასთან დაკავშირებით. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მაღალი ალბათობით გვექნება იმის მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ცალკე წარმოებასთან დაკავშირებით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებებს დაცვის მხარის მოთხოვნას და შეფარდებულ პატიმრობას შეცვლის გირაოთი, ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ დარბაზიდან მოხდება პიროვნების გათავისუფლება. ასევე, მნიშვნელოვანია ჩიქოვანის თანხმობა საპროცესო შეთანხმების გაფორმების ეტაპისთვის, ასევე ამნისტიის გავრცელების ეტაპისთვისაც, ისევე, როგორც საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაზარალებულთა თანხობა. საპროცესოს საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არ გვაქვს. დღევანდელი პროცესი გვიჩვენებს სამომავლოდ გავაკეთებთ თუ არა განცხადებას საპროცესოსთან დაკავშირებით, თუ რეალურად ამნისტიის მოლოდინი გვექნება“ – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

შეგახსენებთ, 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. მათგან 6 არასრულწლოვანია, მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დანარჩენი 11 ბრალდებულის საქმეზე კი, გენერალურმა პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო. ცნობისთვის, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის სესახებ ინფორმაცია 19 ივნისს გავრცელდა და 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.