-35,4 ყინვა, "რეალის" დათოვლილი სტადიონი და ცხელი მადრიდის პირველი ცივი ზამთარი, თითქმის 60 წლის შემდეგ
-35,4  ყინვა, "რეალის" დათოვლილი სტადიონი და ცხელი მადრიდის პირველი ცივი ზამთარი, თითქმის 60 წლის შემდეგ

A+ A-

19:00 08/01/2021

ცხელი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ჩრდილო-დასავლეთი უჩვეულო ყინვებმა მოიცვა. კანტაბრიის მთებში, რომლებიც წარმოადგენენ ესპანეთის ყველაზე ძნელად მისადგომ მთათა სისტემის — პირინეის მთების გაგრძელებას, -35,4  გრადუსიც კი დაფიქსირდა. მოთოვა მადრიდის გარეუბნებშიც, სადაც თოვლი 50-60 წელია, არ მოსულა. „თოვლმა მადრიდში ხალხს კორონავირუსი დაავიწყა“, - აცხადებს ქართველი ემიგრანტი სააგენტოსთან საუბრისას.  

უჩვეულო ყინვები ცხელ ესპანეთში

როგორც „2020NEWS“-მა გაარკვია, დღეს, გამთენიისას, კანტაბრიის მთებში, ვეგა დე ლიორდეს მეტეოროლიგიურმა სადგურმა, 1872 მეტრის სიმაღლეზე -35,4 გრადუსი დააფიქსირა, რამდენიმე საათის წინ კი, -34,1 გრადუსი კატალონიის მხარესთან მდებარე ქალაქ ლეიდიდან ჩრდილოეთით, პირინეის მთებში იყო დაფიქსირებული. არც ერთ მათგანის სიახლოვეს დასახლება არ არის, თუმცა უჩვეულოდ მაღალი ყივები თითქმის მთელი ჩრდილოეთ ესპანეთის ნაწილშია გამოცხადებული.

როგორც ესპანური გამოცემა ნოტისია სილ - ლეონ“  წერს, ოფიციალური მონაცემებით,  ესპანეთის დედაქალაქ მადრიდიდან  ჩრდილო-დასავლეთით, 350 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ლეონთან (რომლის რეგიონშიც მდებარე მეტეოსადგურმა -35,4 გრადუსი ყინვა დააფიქსირა) არსებულ, უკვე ზამთრის საკურორტო დასახლებაში - პალასინოს დე ლა სიერასა და ასევე მეორე პატარა  დასახლებაში - ვიაბლინო  -14, 5 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.

ხოლო ქალაქ გვადალახარას  პატარა დასახლებაში - კამპისაბელოში, რომელიც მადრიდიდან დაახლოებით 50 კილომეტრშია  -13, 5 გრადუსი ყინვა იყო დღეს დილას, გამთენიისას.

 

-13,5 გრადუსი დაფიქსირდა ესპანეთის „ციმბირად“ წოდებულ  - სორიაში. ეს ქალაქი პირინეის მთებთან ახლოს  მდებარეობს. ასევე -13,3 გრადუსი  ყინვა იყო კატალონიის მხარეს მდებარე ქალაქ ლერიდას სიახლოვეს არსებულ დასახლებებში.  

რა ხდება მადრიდსა და ბასკეთში?

„ამ რეგიონებში ამხელა ყინვას არავინ ელოდა. გაიყინა თერმომეტრები. გზებზე თოვლია. ზოგ ადგილებზე ტრაილერების გადაადგილება შეზღუდულია. ელექტროენერგია ყველა  რეგიონს მიეწოდება. ესაა ის ინფორმაცია, რასაც ამ წუთში, ოფიციალურად გვაწვდიან. ესპანეთისთვის ნამდვილად უჩვეულო სიტუაციაა,  ახლა თითქმის მთელი ესპანეთის მასშტაბით, 10 დღის განმავლობაში, დაბალი ტემპერატურაა გამოცხადებული, -10 გრადუსამდე “, - განუცხადა „2020NEWS“-ს მთიანი ლარიოხას დასახლების ქალაქ  არნედოში მცხოვრებმა ემიგრანტმა, მეგი ხურციძემ, რომელიც ამჟამად ესპანეთის მოქალაქეა.

სხვათაშორის, არნედოში აუზები უკვე გაიყინა. მოქალაქეები თავად ავრცელებენ ამ ფოტოებს.

კიგ-ბოქსინგში ესპანეთის  ორგზის ჩემპიონი, ბასკეთის ქალაქ ბილბაოში მცხოვრები ჩვენი თანამემაულე გიორგი ბაზანოვი აცხადებს, რომ მის მხარეში 20/30სმ თოვლი სულ მოდის.

„ქალაქში, ჯერჯერობით, თოვლი არ მოსულა, მაგრამ მთიანი მხარეა და  ყოველ წელს თოვს. ახლა  მართლა განსხვავებული ზამთარია მთელ ესპანეთში. -10 გრადუსი ყინვაა გამოცხადებული. მაგალითად, მადრიდთან 240 კილომეტრში არის ქალაქი სორია, სადაც -10 გრადუსი ყინვაა გამოცხადებული. მთებშია უფრო მაღალი ტემპერატურა. ზოგ ქალაქში 25-32 გრადუსი ტემპერატურა იყო და -2 გრადუსზე ჩამოვიდა უცებ“, - განუცხადა „2020NEWS“-ს გიორგი ბაზანოვმა.

ესპანეთის ჩრდილოეთისგან განსხვავებით, უფრო მეტად უჩვულო სიტუაცია იყო მის ცხელ შუაგულში, დედაქალაქ მადრიდში, სადაც თოვლი 50-60 წელია არ მოსულა. დაათოვა მადრიდის „რეალის“ სტადიონსაც და მეფე-დედოფლის სასახლესაც.

„-35 გრადუსი ყინვა მადრიდში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ალკორკონის დასახლებაში, ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ, -12  -  მაქსიმუმ -15 გრადუსი ყინვა იყო, ისიც - ღამე. დღის განმავლობაში ამხელა ყინვა არ არის.  

გუშინ თოვდა, რაც მართლაც წლების ისტორიას არ ახსოვს. ცოტა თოვლი დადო  და ვიგუნდავეთ, კორონაც დაავიწყა ხალხს და ყველა პრობლემაც, ისეთი გუნდაობა და მხიარულება იყო. სხვა ისეთი არაფერი ყოფილა, ტრანსპორტიც მოძრაობს და ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის. ამ წუთშიც -2 გრადუსია მადრიდში. აწი რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, -35 გრადუსზე ავიდეს ყინვა აქ.

ჩვენ მადრიდის გარეუბანში, ცენტრიდან 5-6 კილომეტრში ვცხოვრობთ. მადრიდის ცენტრში თოვლი არ ყოფილა, თუმცა გარეუბნებში იყო. იმდენად გაგვიხარდა, ამდენი წლების შემდეგ, თოვლის ნახვა, დაგვავიწყდა კორონა.

აქ -35 კი არა,  -15 გრადუსიც უჩვეულოა ნამდვილად.

გუშინ ერთმა მოხუცმა ქალმა თქვა აქ,  ჩემ ბავშვობაში დავბრუნდიო. როცა ზამთარი ზამთარს გავდა აქ მადრიდში, იყო ამათ ახალგაზრდობასა და ბავშვობაში - 60-50 წლის წინ. წლებია თოვლი არ უნახავთ და ასეთი კარგი ზამთარი არ ქონიათ. თოვლის სანახავად და სასრიალოდ მადრიდიდან 40 კილომეტრში ადიან, ნავასერადა ქვია იმ კურორტს“, - განუცხადა 2020NEWS”-ს ქართველმა ემიგრანტმა მარიამ რობაქიძემ.

ასეთია დაზუსტებული ამბები ცხელი მადრიდიდან, რომელიც ახლა თეთრ თოვლშია გახვეული და ხალხს გასულ წელს გადატანილი კორონაპამდემიის სიმძიმე, როცა ესპანეთი მსოფლიოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით, პირველ-მეორე ადგილზე იყო, ცოტა ხნით დაავიწყა.

რუსა მუმლაძე