ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ერთდროულად გაიმართება?!
ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ერთდროულად გაიმართება?!

A+ A-

15:14 05/01/2021

საქართველო ახალი პოლიტიკური  გადაწყვეტილების მოლოდინში - 2021 წლის ოქტომბერში შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს.

როგორც  „2020NEWS“-თვის ხდება ცნობილი, მმართველი გუნდი პოლიტიკურ და სამთავრობო კულუარებში აღნიშნულ თემაზე უკვე ალაპარაკდა.  

აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილების დაყენების საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა საზოგადოებამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მრავალპარტიული პარლამენტის ნაცვლად, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო მიიღო, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ნდობის ხარისხს ცალსახად ამცირებს.

არ არის გამორიცხული, უცხოელი ელჩების ფასილიტატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასამართ მოლაპარაკებებში, რომელიც დროებით შეჩერდა და რომელიც  „2020NEWS“-ის ინფორმაციით, იანვრის ბოლომდე გაიმართება, ხელისუფლებამ მოლაპარაკებების მაგიდაზე სწორედ ეს წინადადება წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს ითვლის, პოლიტიკური წინადადების წარდგენის ვალდებულება აქვს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

როგორც სააგენტოსთან საუბარში კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარება, ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზაა და კონსტიტუცია ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა.

„კონსტიტუცია განსაზღვრავს მხოლოს პარლამენტის არჩევნების ვადებს. თვითმმართველობის არჩევნების ვადები საარჩევნო კოდექსით არის განსაზღვრული. წელს გასამართი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც საარჩევნო კოდექსით არის დადგენილი - 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ფორმირებული ადგილობრივი ინსტიტუტების 4 წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე პრეზიდენტი, პრემიერის თანახელმოწერით, დანიშნავს 2021 წლის თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნების თარიღს. სავარაუდოდ, წელს თვითმმართველობის არჩევნები 23 ოქტომბერს ან 30 ოქტომბერს ჩატარდება. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუკი დაინიშნება, შესაძლებელია ორივე ერთად ჩატარდეს“, -  განაცხადა ალაფიშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

 „2020NEWS“-ის შეეცადა, რომ  აღნიშნული საკითხის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გადაემოწმებინა, თუმცა ისინი საკითხზე კომენტირებისგან თავს იკავებენ.

ვიდრე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ცხადი გახდება, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ვადამდელი არჩევნების გამართვის შესაძლებლობას გამორიცხავს.

„სხვადასხვა მიზეზის გამო, არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემების მიხედვით, უმრავლესობა კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა და სადეპუტატო მანდატი 9 პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა.

გადაწყვეტ არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს არ ცნობს ოპოზიცია და თამარ ჟვანიას უნდობლობას უცხადებს.

ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების გამო, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და მათ უარი თქვეს საპარლამენტო საქმიანობაზე.

აღნიშნული მოთხოვნით, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართეს.

გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, 31 ოქტომბრის შემდეგ, არაერთი საპროტესტო აქცია და გამოსვლები მოეწყო. ქვეყანა პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა და საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პარტია - „ქართული ოცნება“ შევიდა.

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების განსამუხტად, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შეთანხმება მომხდარიყო და მხარეებს საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

ოპოზიციურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტი შესთავაზა. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტისა, დღეს საპარლამენტო საქმიანობას „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრი შეუდგა.  მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ ირმა ინაშვილის,გიორგი ლორიასა და გოჩა თევდორაძის ნაცვლად, ავთანდილ ენუქიძის, გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.