დიდი ბრიტანეთი კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაციას იწყებს
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაციას იწყებს

A+ A-

11:03 04/01/2021

გაერთიანებულ სამეფოში დღეიდან Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობითვე,  ვაქცინის 530 000 დოზა მზად არის და მოქალაქეებს ოქსფორდის, ლონდონის, სასექსის, ლანკაშირისა და უორუიკშირის საავადმყოფოებში აცრიან.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა ვაქცინაციის პროგრამაში კიდევ ერთი ვაქცინის ჩართვას „გადამწყვეტი მომენტი“ უწოდა.

”ეს გადამწყვეტი მომენტია ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- აღნიშნა ჰენკოკმა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს ვაქცინის პირველ და მეორე დოზას 12 კვირის და არა დაგეგმილი 21 დღის შუალედით გაუკეთებენ. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმით ხსნიან, რომ „ბევრად უფრო სასურველია“, ვაქცინის პირველი დოზა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 8 დეკემბერს, Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებით დაიწყო და ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში 2 მილიონზე მეტი ინფიცირებისა და 75 ათასზე მეტი გარდაცვალების ფაქტია გამოვლენილი.