"კომედი ჯგუფმა" "რუსთავი 2" დატოვა
"კომედი ჯგუფმა" "რუსთავი 2" დატოვა

A+ A-

14:21 30/12/2020

„კომედი ჯგუფის“ ყველა წევრმა „რუსთავი 2“ დატოვა. „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელების შეთავაზებების მიუხედავად, მათ არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

„კომედი ჯგუფის“ წევრებმა ჩათვალეს, რომ ახალ გამოწვევებს უნდა შეხვდნენ და თავიანთი პროფეისონალიზმი სხვა არხზე გამოსცადონ. „რუსთავი 2“-ზე ამ ეტაპზე არის დაბალი რეიტინგი და მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ბედი სხვაგანაც სცადონ, რადგან სხვაგან უფრო დიდი გამოწვევებია, ვიდრე ამ არხზე“, - განუცხადა „2020NEWS”-ს პაატა სალიამ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მიერ კომედი ჯგუფის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენ მათთან ერთ წელზე მეტი საკმაოდ კარგი, წარმატებული და ნაყოფირი თანამშრომლობა გვქონდა. მოგეხსენებათ, „რუსთავი 2“-ზე ამ ეტაპზე არის დაბალი რეიტინგი და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბედი სხვაგანაც სცადონ, რადგან სხვაგან არის უფრო დიდი გამოწვევები. ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ როგორი მეგობრული ურთიერთობაც გვქონდა, ისევ ისეთი ურთიერთობა დაგვრჩება. სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ში „კომედი ჯგუფის“ რაღაც ნაწილი დარჩება. სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ ახლა, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ სარედაქციო პოლიტიკაში ან სამუშაო პროცესში ჩვენი მხრიდან არასდროს ყოფილა რაიმე სახის ჩარევა. არანაირი შეზუდვა არ ყოფილა, ეს ეთერებსაც ეტყობოდა. პირიქით ვცდილობდით, რომ მათთვის ხელი შგვეწყო. ხდება ხოლმე, ადამიანები სამუშაო ადგილებს იცვლან. მედიაში ხშირია, როდესაც მიგრაცია ხდება ერთი არხიდან მეორეში, ჩვენთანაც სხვადასხვა არხიდან სხვადასხვა ადამიანები გადმოვიდნენ, ჩვეულებრივი პროცესია და ყველა თავის განვითარებას ეძებს. მათ ალბათ ჩათვალეს, რომ სხვა არხზე უფრო განვითარდებიან“. - განაცხადა სალიამ სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, კომედი ჯგუფმა“ “რუსთავი 2” დატოვა. „კომედი ჯგუფი“ ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადავიდა. “კომედი ჯგუფი” “რუსთავი 2”-ზე “ნიკა არაბიძის შოუს”, “ფარულ კონვერტს”, “ანეკდოტების შოუს”, “გააცინე და მოიგეს” და “კომედი შოუს” აკეთებდა.

ირმა ჯოხაძე