ხალხის ფავორიტი - მელია, პარტიული დაჯგუფებების ლიდერი - ვარშალომიძე - ვის თავმჯდომარეობას აუნთებს მწვანეს სააკაშვილი კულუარულად?
ხალხის ფავორიტი - მელია, პარტიული დაჯგუფებების ლიდერი - ვარშალომიძე - ვის თავმჯდომარეობას აუნთებს მწვანეს სააკაშვილი კულუარულად?

A+ A-

10:04 21/12/2020

ვინ შეცვლის თანამდებობიდან დიპლომატიურად წასულ ყოფილ დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე - პარტიის რეგიონალურად უპირობო ლიდერი ლევან ვარშალომიძე, თუ მთავარი ოპოზიციური პარტიის ახალი სისხლი და ცენტრალური ლიდერი ნიკა მელია? ვინ უხელმძღვანელებს ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელსაც კვლავ სახელისუფლებო ამბიციები აქვს და ამჟამად მოქმედი მმართველი ძალა საერთოდ რეგისტრაციიდან მოხსნით ემუქრება? ვიდრე მათი რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი გაირკვევა, „ნაციონალები“ თავის გეგმას მიყვებიან და ახალ თავმჯდომარეს 2021 წლის იანვარში აირჩევენ - ელექტრონულად.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაღალ ნიშნულზეა და საზოგადოება ხელისუფლება-ოპოზიციას შორის, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს ელის, პოლიტელიტა მთავარი ოპოზიციური ძალის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია, რადგან ახალმა სახემ შესაძლოა, ახალი დღის წესრიგი დააყენოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა, გააჩნია, ვინ იქნება ის. გააჩნია იმასაც, ექნება თუ არა ახალ თავმჯდომარეს ნომილური ფუნქციები, თუ პირიქით - პოლიტიკურ სვლებში დამოუკიდებლობა ექნება.

ნიკა მელიას პარტიის არაფორმალურ მმართველთან, მიხეილ სააკაშვილთან, ჯერჯერობით, გადის თავისი არარევოლუციური მმართველობა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან და მთლად მის დღის წესრიგში არ ჯდება. მელია აშკარად, რევოლუციურ ქმედებებზე მეტად, მოლაპარაკებების მომხრეა, ხოლო ვარშალომიძე - აჭარაში უწყვეტი აქციებით თუ ვიმსჯელებთ, თავისი ბრძოლის ტაქტიკით, სააკაშვილის გემოვნებაში უფრო ჯდება.
თუმცა, მელიას, რომელიც მისივე თქმით, საკუთარ მამასაც არ დაუჯერებს, თუ არ სჯერა რომ სწორად იქცევა, რეიტინგი მაღალი აქვს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთლიანად ოპოზიციურ ფრონტზე. შესაბამისად, მის წინააღმდეგ აშკარად წასვლა, თანაც მომხრეების დასანახად, არ "აწყობთ", არც თავად სააკაშვილს და არც პარტიის რეაქციონერ დაჯგუფებებს.

თუმცა, აქ საინტერესო ისიცაა, რომ თავად ლევან ვარშალომიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრასა და დალაპარაკებას გუშინ, 20 დეკემბერს გეგმავდა. ასეთი შეხვედრა პარტიიდან წასულ თავმჯდომარესთან არ დაუანონსებია ნიკა მელიას. ექსთავმჯდომარესთან თავმჯდომარეობის კანდიდატის შეხვედრა სულ მინიმუმ იმის მიმანიშნებელია, რომ მას დიდი შანსები აქვს, ეს პარტია გადაიბაროს და შიდა კულუარული გადაწყვეტილებებით „მწვანეც“ ანთებული აქვს, ელექტრონული არჩევნები კი, უბრალოდ, ფარსია.

ვის ისურვებდით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ? - ამ შინაარსის კითხვა, გამოკითხვის სახით, უკვე პარტიასთან ასოცირებულ ფეისბუქჯგუფებშიც გამოჩნდა, მაგალითად - "ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში".

მას შემდეგ, რაც "2020NEWS"-მა პარტიის თავმჯდომარეობის ახალი სავარაუდო კანდიდატების - ლევან ვარშალომიძის, ნიკა მელიას, ხატია დეკანოიძისა და კობა ნაყოფიას შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა, პარტიის წარმომადგენლებმა მათივე თანაგუნდელების პოლიტიკური წონის "გატესტვა" სოციალურ ქსელებში გამოკითხვის სახით სცადეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის გამოკითხვები სოციოლოგიურ კვლევებთან შედარებით, უფრო სწრაფ და თვალსაჩინო შედეგებს აჩვენებენ, თუ რა მხარდაჭერით სარგებლობენ სოცქსელებში აქტიურ მხარდამჭერებში ესა და თუ ის ლიდერები, ანდაც რომელ პოლიტიკოსზეა შესაძლებელი, სამომავლოდ, პოლიტიკური ფსონების დადება.

გამოკითხვის მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელის ერთ კონკრეტულ ჯგუფში მომხმარებელმა, გიზო ფხალაძემ გამოაქვეყნა, ამ მომენტისათვის 61 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, კომენტარების სახით. მათი უმრავლესობა ნიკა მელიას უჭერს მხარს - მან გამოკითხვაში 29 ხმა მიიღო, ასევე აღსანიშნავია, რომ ხმათა რაოდენობის მიხედვით, მას ხატია დეკანოიძე მოსდევს, შემდეგი კი, ლევან ვარშალომიძეა, მეოთხეზე - კობა ნაყოფიაა.

ფაქტია, ამ ერთ გამოკითხვაში რეგიონალური ლიდერი ლევან ვარშალომიძე აგებს. ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე დიდი ელექტორატის მქონე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, მისივე მხარდამჭერები ცენტარლურ ლიდერს, ნიკა მელიას უხსნიან გზას. დიდი ალბათობით, თუ პარტიის თავმჯდომარის არჩევა ელექტრნულად მოხდა, სოცქსელში აქტიური ეს ამომრჩეველიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ინტერნეტარჩევნების დროს.

უკანასკნელმა პოლიტიკურმა პროცესებმა აჩვენა, რომ ნიკა მელია იქცა იმ გამოკვეთილ ლიდერად, რომელსაც პარტიის დამაარსებელი და სულისჩამდგმელო მიხეილ სააკაშვილიც კი აღიარებს ძლიერ, ქარიზმატულ პოლიტიკურ სახედ, რომელსაც ხალხი გაყვება, თუმცა, პარტიის კულარული ინფორმაციებით, სააკაშვილისთვის მელია პარტიული ლიდერზე მეტად, პარტიული ძალაუფლების დაკარგვის სინონიმია.

ცალსახაა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ხალხის განწყობის მიუხედავად, მართვის სადავეებს, სავარაუდოდ, არ დაუთმობს მას, ვისაც ცალკე პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა შეუძლია და ვინც მის პირდაპირ დირექტივებს უკრაინიდან უპირობოდ არ დაემორჩილება.

მელიას ოდესღაც "პოლიტიკური გამოცდილების სიმცირეს" უწუნებდნენ და ხშირად ოპონენტისთვის ე.წ. "თავგახურებული პოლიტიკოსიც" კი იყო, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ის ამ პარტიის . პარტიულ დაჯგუფებებთან და ხელისუფლებასთან უკომპრომისოდ მებრძოლ სახედ იქცა.

მელია არ მიყვება ბრმად არაფორმალი მმართველის რეაქციულ დოგმებს უკრაინიდან, ის პარტიის ცენტრალური ლიდერია, რომელიც სკანდალური ექსმინისტრების - ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას კლანთან დაპირისპირებულია.

მისი პოლიტიკური წარსული "9-წლიან რეჟიმთან" არ ასოცირდება და მას წინა ხელისუფლების ქმედებებში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, რაც მისი პოლიტიკური პერსონის მიმართ არამარტო შიდაპარტიულ წრეში, არამედ სრულიად ოპოზიციურ სპექტრში დადებით განწყობებს ქმნის.

ის, რომ მელია პარტიის "ძველი გვარდიის" ნაწილი არ არის, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ახალ სახეებს მისი პერსონის მხარდაჭერისკენ უბიძგებს, ძველებს კი ძველი სახის მხარდაჭერას აიძულებს, თავის გადასარჩენად.

ფაქტია, რომ ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მელიას პერსონის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და "ნაციონალურ მოძრაობაში' დიდი ხნის წინ დაწყებული შიდაპარტიული დაპირისპირებები უფრო ცხადი მას შემდეგ გახდება, თუ მას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გადაბარგებულს ვერ ვიხილავთ.

მელია სააკაშვილთან რევოლუციური სცენარის საკითხზეც ვერ თანხმდება. სხვათაშორის, ის იყო ერთადერთი „ნაციონალი“, რომელიც ზუგდიდის არჩევნების შემდეგ, სანდრა რულოვსის მიერ გაჟღერებულ რევოლუციას შეეწინააღმდეგა. მაშინ მელიამ განაცხადა, რომ ისეთი პროცესი არ უნდა დაიწყოს პარტიამ, რასაც ბოლომდე ვერ მიიყვანს.

ყოფილ პრეზიდენტს კი, როგორც მისივე ინტერვიუებიდან ირკვევა, დღემდე „ღრმად წამს“, რომ ლიდერები რეგიონებში არიან და ნამდვილი ლიდერი იქნება ის, ვინც ბოლოს, "ვარდების რევოლუციის" სცენარის მსგავსად, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან "ჩაის დალევს", ანდაც „სტაფილოს წვენს“, რომელსაც დღეს მოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიირთმევს.

ანუ საკაშვილისთვის ლიდერია ის, ვინც ხელისუფლების შეცვლის, რევოლუციურ სცენარს გაყვება და გამარჯვებით დაასრულებს ამ ბრძოლას. ამგვარი სცენარისთვის კი, ნიკა მელია პირდაპირ ეთერში მისივე თანაკოლიციელ გუბაზ სანიკიძეს მწვავედ დაუპირისპირდა და „ქოცების“ მიგზავნილი უძახა. სამაგიეროდ, რევოლუციური პროტესტებით დუღს აჭარა, სადაც ლევან ვარშალომიძე უდგას სათავეში ქუჩის პროტესტის მუხტს.

სწორედ ამიტომაც, მელიასთან შედარებით, ვარშალომიძე, როგორც აჭარის რეგიონის პროტესტების სულისჩამდგმელი ლიდერი, დიდი ალბათობით, სააკაშვილის პერსონალური მხარდაჭერით ისარგებლებს, რადგან "რევოლუციურ იდეოლოგიას" ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი უფრო გაყვება, ვიდრე პარტიის შიდა რევოლუციონერი მელია.

მიუხედავად იმისა, რომ "2020NEWS"-თან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მელიასა და ვარშალომიძეს შორის ღია მხარდაჭერას ვერ დააფიქსირებს, რადგან შესაძლოა მხარეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, ეს, სავარაუდოდ, კულისებში მაინც, ასე მოხდება და სააკაშვილი უკრაინიდან ვარშალომიძის მხარდამჭერ სიგნალს გამოაგზავნის.

სააკაშვილი ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატების რისკებსა და გამოწვევებს კარგად აფასებს, შესაბამისად, პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც შეეცდება, რომ მისი პერსონალური აქტივის მხარდაჭერა სწორედ ვარშალომიძისკენ მიმართოს.

აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორია, როგორც 2003 წლის რევოლუციის დროს, აჭარაში ასლან აბაშიძის შეცვლის პროცესი წარმართა, დღესაც, სავარაუდოდ, ამ სცენარს "უმიზნებს" სააკაშვილი უკრაინიდან. 31 ოქტომბრიდან დღემდე ხომ აჭარაში არ წყდება პროტესტი და ხმაური, ბათუმი იქცა პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრად, სადაც ყოველდღიურად ახალ-ახალი საპროტესტო აქციები იმართება.

ვნახოთ, საითკენ გადაიხრება წარმატების სასწორის პინა და ვინაა რეალური მმართველი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, ბოლოდროინდელი მოვლენებისას გაძლიერებული მელია, თუ არაფორმალი მმართველი სააკაშვილი, თუ მანამდე რეგისტრაციიდან არ მოხსნეს პარტია და ის ხელახლა დასარეგისტრირებელი არ გახდა? თუმცა, მიუხედავად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მუქარისა, წესით, საქმე აქამდე არც მივა, რადგან მოქმედი მმართველები საერთაშორისო თანამეგობრობის თავდასხმების ობიექტად თავს არ გაიხდიან, ყოფილი მმართველების გამო.

რუსა მუმლაძე