გვარამია ციხიდან წერილებს უნდა წერდეს, არ ვიცი, რას გვედავება წულუკიანი - ვის მოუხადა ბოდიში ხალვაშმა?
გვარამია ციხიდან წერილებს უნდა წერდეს, არ ვიცი, რას გვედავება წულუკიანი - ვის მოუხადა ბოდიში ხალვაშმა?

A+ A-

18:10 16/12/2020

მთავარი არხის“ დირექტორი, წესით, ციხიდან უნდა იწერებოდეს წერილებს - ასე მიაჩნია „რუსთავი-2“-ის ამჟამინდელ მეპატრონეს, ქიბარ ხალვაშს და ამასთანავე, როგორც მან „2020NEWS“-ს ექსკუზიურად განუცხადა, გაუგებარია ისიც, რას ედავება იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი მის ტელევიზიას. ხალვაში ასევე თვლის, რომ წულუკიანის შეძლო და ბოდიში მოიხადა, მისი არხის ჟურნალისტებმა - ვერა.

ზუსტად რას ედავება საკუთარი არხის ჟურნალისტებს „რუსთავი-2“-ის მეპატრონე, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგიყვებით, დაწვრილებით, მანამდე კი, ხალვაში მიიჩნევს, რომ მისი ტელევიზიის დავა სტრასბურგის სასმართლომ გადაწყვიტა, ხოლო ხელისუფლებას. სამართლიანობის აღსადგენად, გამოსაძიებელი ბევრი საქმე უდევს და არ მიყავს ბოლომდე.

„მთელი სახელმწიფო თავისი სტრუქტურებით ჩართული უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის საქმეში. ვინ როგორ იყო და არის ჩართული ამ პროცესში, ეს იმათ კითხეთ, ვგულისხმობ სახელმწიფო სტრუქტურებს.

სამწუხაროა, როცა ყველაზე დიდი დამნაშავეები იქით ადანაშაულებენ სხვებს. გვარამია, წესით, წერილებს უნდა იწერებოდეს ციხიდან.

დავამატებ, რომ მე ისევ ველოდები სამართლიანობის სრულად აღდგენას, კიდევ არის ბევრი საკითხი დარჩენილი ნამდვილად.

წულუკიანი რას გვაყვედრის, არ ვიცი, სამართლიანობის აღდგენა და კანონის შესაბამისად მოქცევა, მათი ვალდებულებაა.

ყოფილმა ხელისფლებამ, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, გაგვინადგურა აწყობილი ბიზნესი, გადაწვა მილიონობით ქონება და ათასობით ადამიანი დატოვა უმუშევარი. მაშინდელმა ზარალმა შეადგინა 50 მილიონ ლაზე მეტი. სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგა ტელევიზიის დავაში, ისიც მხოლოდ ევროპული სასამართლოს დახმარებით. დანარჩენი დავები ამდენი ხანი დაუსრულებელია“, - განაცხადა ხალვაშმა სააგენტოსთან საუბრისას.

სხვათაშორის, მან „კურიერის“ წამყვანებისა და ამჟამად განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის სატელევიზიო დავის შემდეგ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა; „I am sorry“ – „ბოდიში“.

ვის უხდიდა ხალვაში ბოდიშს, ფეისბუქზე გაურკვეველი დარჩა, თუმცა როგორც მან სააგენტოს განუცხადა, ბოდიში მაყურებელს ეკუთვნოდა.

„ჩემი ბოდიში ეხებოდა მაყურებელს და სამართლიან შენიშვნას, რომ კრიტიკული კითხვები ეკუთვნის ყველას.

ჩვენი ჟურნალისტის ლეგიტიმურ კითხვას მოყვა ლეგიტიმური შენიშვნა. გაცილებით უფრო კრიტიკული შეკითხვა არ დასმულა მეორე მხარისთვის.

წულუკიანმა ბოდიშიც მოიხადა.

მე არ მეკუთვნოდა მისი ბოდიში იმდენად, რამდენადაც ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხს არ ვაგებ, სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობის პირობა მაქვს დადებული, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მაყურებლისთვის ეს გაუგებარია.

არ მინდა, ჩემმა ბოდიშმა რამე შეცვალოს, თუმცა მინდა, რომ ჟურნალისტები იყვნენ დაბალანსებული, სამართლიანი და არ მისდევდნენ რაღაც არასწორ ტრენდებს“, - აცხადებს ტელევიზიის მეპატრონე საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტების მისამართით.

სხვათაშორის, ხალვაში მინიშნებასაც აკეთებს, რომ გარკვეულწილად,  წულუკიანთან „კურიერის“ ჟურნალისტებსაც „შეეშალათ“.

„წულუკიანმა ბოდიში მოიხადა, ჩვენებს გაუჭირდათ ბოდიშის მოხდა. სულ ეგ არის.

ვაღიარებ, რომ მე ბოდიშის მოხდის არავითარი ვალდებულება არ მქონდა და არმაქვს, მაგრამ ერთადერი დავალება აქვთ ჟურნალისტებს: იყვნენ სამართლიანი, დაბალანსებული და დაიცვან ეთიკა“, - ასეთია „რუსთავი-2“-ის მეპატრონის პოზიცია არხის სარედაქციო პოლიტიკაზე.

შეგახსენებთ, გუშინ, გადაცემაში - „ღამის კურიერი“, სტუმრობის დროს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და იუსტიციის ექსმინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა: თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი-2“ ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს, ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს იმის მოლოდინი, რომ იდგებით სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, იმიტომ რომ მე ტყუილად კომპლიმენტებს არ ვარიგებ“.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი იმნაიშვილის კითხვაზე, თუ როგორ დაუბრუნა წულუკიანმა ტელეკომპანია მესაკუთრეს, როდესაც აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ მიიღო, ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს არ ეძინა.

"უი, რას ამბობთ... კარგი, არ გვინდა ახლა ამაზე ჩხუბი, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ძალიან ბევრი ვიშრომეთ... ქართულ ოცნებას" და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინა და თავისით დაუბრუნდა, კანონიერება თავისით აღსდგა ამ საქმეზე, კი, ბატონო, ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ", - უპასუხა წულუკიანმა იმნაიშვილს.

რუსა მუმლაძე