კლინიკის კართან გოგონა შველას ითხოვდა, დედა ეხრჩობოდა - კოვიდინფიცირებული ექთნის ისტორია
კლინიკის კართან გოგონა შველას ითხოვდა, დედა ეხრჩობოდა - კოვიდინფიცირებული ექთნის ისტორია

A+ A-

20:29 04/12/2020

ხაშურის "გორმედის" კლინიკის ექთანი კორონავირუსით მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც მან ინფიცირებული ქალის სიცოცხლე იხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ექთანი ფატი მაჭარაშვილი ავრცელებს.

როგორც ის აცხადებს, მედმუშაკები ყოველდღიურად, თავდაუზოგავად იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, უხილავი მტრის წინააღმდეგ და უნდა, რომ ადამიანებს სჯეროდეთ მათი უანგარო, თავგანწირული შრომის.

"ღამის ათი საათია, კლინიკის კართან მანქანა გაჩერდა, განწირული ხმით გოგონა შველას ითხოვდა, მანქანაში დედა ეხრჩობოდა. გული მომეწურა, წარმოვიდგინე რომ ის დედაჩემი შეიძლება ყოფილიყო. კიბეები არც მიგრძვნია, ისე ავირბინე რეანიმაციაში, პაციენტი ლიფტით ამოუშვეს, უცებ აპარატს ვეცი, (მგონი ექიმიც გავანაწყენე) ქალმა შვებით ამოისუნთქა, ამოვისუნთქე მეც“, - იხსენებს ექთანი.

თუმცა, ამ დღიდან ისიც დაინფიცირდა.

„მეორე დღიდან მეც ინფიცირებული ვიყავი, თუმცა დიდად არ აღვშფოთებულვარ, რადგან დიდი ხანია ინფიცირებულებთან ვურთიერთობ და ამას ველოდი ადრე თუ გვიან. დღეს მე კარგად ვარ, დავამარცხე უხილავი მტერი, ჩემო გულშემატკივრებო, არ შეშინდეთ მეგობრებო, ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ.

მე კი გულით მინდა ვუთანაგრძნო ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. მათი ტკივილი მეც მტკივა. ყველა თანამშრომელს კი, სოლიდარობას ვუცხადებ და მინდა ყველას ჯეროდეს ჩვენი მედ მუშაკების უანგარო და თავდაუზოგავი შრომის. მიყვარხართ ყველა", - წერს სოციალურ ქსელში ფატი მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემტხვევა გამოვლინდა.