კალაძე ბავშვებს ზეთს აღარ დაურიგებს, საახალწლოდ კი, თბილისის ცაზე 100 000-იან ფოირვერკებს გაუშვებს - ღარიბი ბავშვების ღარიბი ქვეყნის აბსურდის თეატრი
კალაძე ბავშვებს ზეთს აღარ დაურიგებს, საახალწლოდ კი, თბილისის ცაზე 100 000-იან ფოირვერკებს გაუშვებს - ღარიბი ბავშვების ღარიბი ქვეყნის აბსურდის თეატრი

A+ A-

17:57 04/12/2020

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საბავშვო ბაღებიბავშვებს ზეთს აღარ დაურიგებს, სამაგიეროდ, საახალწლოდ 100 000-იან ფოირვერკებს გაუშვებს ცაში,  პატარები ყურებით რომ დატკბნენ, თუნდაც შიოდეთ და სახელმწიფოს ნაჩუქარი „პავიდლო“ არ ყოფნიდეთ სრულფასოვანი კვებისთვის. "ლეიბორისტი" გიორგი გუგავას აზრით, ზეთის ამოღება ბავშვების მენიუდან პროდუქტის გაძვირების გამო, მოხდა, ხოლო ბაღების სააგენტოში „2020NEWS“-ს უმტკიცებენ, რომ დედაქალაქის მერიის რეზერვებში ბავშვთა კვებისთვის საჭირო ზეთის რაოდენობა  წლის ბოლოს იმიტომ ამოიწურა, ბავშვებს თავიანთი ნორმა უკვე მიღებული აქვთ.

როგორც „2020NEWS“-ს საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში „აუხსნეს“, ერთი ბავშვისთვის ზეთის დღიური ნორმა 10 გრამი, რომელიც სააღმზრდელო დაწესებულებაში ყოფნის დროს უნდა მოხმარებოდა ბავშვთა კვებას, ყველა ოჯახშია დარიგებული და ზეთის ფასის გაძვირების გამო, არ შეწყვეტილა ამ პროდუქტის დარიგება.  

მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის გადასაცემი პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

შაქარი - 1 კგ.; 2. ფქვილი - 1 კგ. 3. შვრიის ფანტელი 1 კგ. 4. მაკარონი/ვერმიშელი - 1 კგ. 5. ბარდა - 1 კგ. 6. ხილფაფა ვაშლის -1 კგ. 7. ჩაი 100 გ. 8. კვერცხი - 6 ც. 9. ყველი - 0.5 კგ. 10. რძე - 2 ლ.

15 ნოემბრიდან დღემდე ამ სახის ამანათი  თბილისში მაცხოვრებელმა, 60 000-მდე აღსაზრდელის ოჯახმა  უკვე მიიღო.

როგორც ჩამონათვალიდან ჩანს და „ლეიბორისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავაც აცხადებს, გარდა ზეთისა, ბავშვთა კვებაში საერთოდ აღარ შედის ხორცეული და თევზი. ამ პროდუქტებს ბავშვებს არ ურიგებენ, თითქოს, მათ სრულფასოვანი კვება არ ჭირდებოდეთ.

„მოგეხსენებათ, ამ პანდემიის დროს, საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის პროდუქტებს არიგებდნენ და ამ პროდუქტებიდან გაძვირების გამო, ამოიღეს არა მხოლოდ ზეთი, არამედ სხვა მნიშვნელოვანი საკვებიც. ხორცეული და თევზი კვებაში საერთოდ არ შედის. ბავშვებს მხოლოდ ბურღულეულსა და „პავიდლოს“ ურიგებენ.

ამას ასაბუთებენ იმით, რომ ეს ყველაფერი გაძვირდა და ამიტომ ბავშვებს, თურმე, სრულფასოვანი კვება არ სჭირდებათ“, - განაცხადა გუგავამ „2020NEWS“-თან.

საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში კი, „2020NEWS“-ის კითხვებს ასეთი წერილობითი პასუხი გასცეს:

„თქვენი წერილის საპასუხოდ, გაცნობებთ რომ, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი მიმდინარეობს ახალი კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის შედეგად, ქვეყანაში არსებული არასანდარტული გარემოებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, ჩვენთვის შეუძლებელია იმის პროგნოზი, თუ როდემდე გაგრძელდება პანდემიური სიტუაცია და შესაბამისად, პროექტის მიმდინარეობაც დამოკიდებულია აღნიშულ გარემოებებზე.

საკვები პროდუქტების ჩამონათვალი შერჩეულ იქნა ნურტიციოლოგთან ერთად, იმ სატენდერო დავალების ფარგლებში, რომლითაც პანდემიის დაწყების პერიოდში უკვე ხდებოდა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფა.

პროდუქტების შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნა, რომ შემადგენლობაში არ ყოფილიყო მალფუჭებადი პროდუქტები და ისეთი პროდუქტები, რომელთა შეფუთვა, ტრანსპორტირება და შენახვა მოითხოვს სპეციალურ სამაცივრე პირობებს.

მოგეხსენებათ, სატენდერო დავალება შედგება კონკრეტული პროდუქტებისგან, საჭირო ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და რაოდენობის მოთხოვნით.

შესაბამისად, ბუნებრივია განსაზღვრული იყო ზეთის ჯამური რაოდენობაც - თითოეულ ბავშვზე, საქართველოს მთავრობის 487-დადგენილებითა და ბაღის მენიუთი განაზღვრულია დღეში 10 გრ ზეთის საჭიროება, ხოლო პროდუქტების გაცემის პროექტის ფარგლებში, ორკვირიანი შუალედით, ნაცვლად 200 გრ ზეთისა თითოეულ აღსაზრდელზე გაიცემოდა 500 მლ ზეთი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ „2020NEWS“-თვის გამოგზავნილ განცხადებაში.

მეტიც, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაღებში ბავშვთა კვებისთვის საჭირო ზეთის რაოდენობა წლის ბოლოს ამოიწურა.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვების კვებისთვის გათვლილი ზეთის საჭირო რაოდენობა, რომელიც ბაღში ყოფნის დროს უნდა მოხმარებოდა ბავშვთა კვებას, ყველა ოჯახს უკვე მიღებული აქვს. შესაბამისად, ბაღებში ბავშვთა კვებისთვის საჭირო ზეთის რაოდენობა წლის ბოლოს ამოიწურა და გასცდა ხელშეკრულებით განაზღვრული რაოდენობის ლიმიტებს, რის გამოც მოხდა აღნიშნული პროდუქტის ჩანაცვლება ხელშეკრულებით შეძენილი სხვა პროდუქტით.

ამასთან, ტენდერის პირობებში არ მომხდარა პროდუქტების ფასების ცვლილება და ზეთის გაძვირების არგუმენტი სცილდება რეალურ გარემოებებს„მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან, ბაღებში მიმდინარეობდა პროექტის მე-11 ეტაპი და ყველა საბავშვო ბაგა-ბაღმა უკვე დაასრულა პროდუქტების გაცემა“, - აცხადებენ საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში.

ამ დროს კი, კიდევ ერთი ოპოზიციონერი, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით მცირდება, თბილისის მერი კი, საახალწლოდ 100 000 ლარის ღირებულების ფოიერვერკების გაშვებას აპირებს თბილისის ცაზე.

ასეც ხდება ხოლმე, ღარიბი ბავშვების ღარიბ ქვეყანაში.

ირმა ჯოხაძე