ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით დადგება - დიმიტრი საძაგლიშვილი
ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით დადგება - დიმიტრი საძაგლიშვილი

A+ A-

21:34 01/12/2020

გვარამიას საქმეზე რა პოლიტიკური დაკვეთაც იქნება, ის განაჩენი დადგება. ამის შესახებ „2020NEWS“-ს ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საქმე 2020 წლის მარტის შემდეგ დაპაუზებული იყო და არჩევნების დასრულების შემდეგ განახლდა. „2020 წლის მარტის შემდეგ ამ საქმეზე საერთოდ არ ჩატარებულა სხდომა, დაპაუზებული ქონდათ.

7 დეკემბერს, სავარაუდოდ, შევთანხმდებით მომდევნო პროცესებზე. მოსალოდნელია, რომ ამ საქმის განხილვა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ცნობილი ფაქტია, რომ მარტში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება. მისი ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რომ პოლიტიკური მიზნით მართლსაჯულების გამოყენება არ მომხდარიყო. ამ შეთანხმების შემდეგ გაჩერდა ამ საქმის განხილვა და ახლა, არჩევნების დასრულების შემდეგ კვლავ განახლდა. ამ საქმის შედეგი იქნება ის, რა პოლიტიკური დაკვეთაც იარსებებს. ეს არ არის საქმე, სადაც სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით რაიმე ვარაუდი შეიძლება გამოვთქვა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს ჩაინიშნა. ფაქტს ნიკა გვარამია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში "რეპრესიების ახალი ტალღა" დაიწყო. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო.

საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

ირინა მაკარიძე