მთავრობა ახალ ვალს იღებს
მთავრობა ახალ ვალს იღებს

A+ A-

15:40 01/12/2020

მთავრობა ახალ ვალს იღებს ძველი ვალების გადასაფარად, რაც არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ “2020NEWS”-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
 
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ არსებული ვალის შემცირება მომხდარიყო, ხდება ახალი ვალის აღება, რაც გამოუვალი მდგომარეობით არის ნაკარნახევი.
 
„ეს არის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, ბიუჯეტიდან უსარგებლო ხარჯები რომ ამოეყარათ, მაშინ ამ ვალების აღება არ გახდებოდა საჭირო. საქართველოს წელს უწევს ძალიან დიდი მოცულობის ვალის გადახდა, მათ შორის ერთ-ერთი არის 500 მილიონი ევრო, რომელიც ევრობონდების სახით გვაქვს აღებული. ვალის მომსახურებისათვის ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა მიდის, იმდენად ცუდი ვითარება გვაქვს, ამ ვალების დასაფარად ახალი ვალის აღება გვიხდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს დასაფარი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისთვის 1 656 850.00 ათასი ლარის მოცულობის ახალი ევრობონდის გამოშვებას ითვალისწინებს.
 
ირინა მაკარიძე