ბიოლოგიური ომია, ჩვენი გენერალი დაჭრილი იყო, რა შეიძლება მოხდეს მეტი? - კულუმბეგოვი
ბიოლოგიური ომია, ჩვენი გენერალი დაჭრილი იყო, რა შეიძლება მოხდეს მეტი? - კულუმბეგოვი

A+ A-

18:28 30/11/2020

პირბადის ტარების მაჩვენებელი 90%-ს თუ არ აცდება, შეზღუდვების გახანგრძლივება მოხდება. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულის ნებისმიერი შეზღუდვა უმოქმედოა, თუ მოქალაქეები არ დაემორჩილებიან.

მისი თქმით, კორონავირუსი არის ინფექცია, რომლისგანაც დაცული არავინაა.

„ამის უკან დგას ადამიანების სიცოცხლე. ეს ხომ არ არის დაავადება, რომელიც ვიღაცას შეეხება და ვიღაცას არა. ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს, ასეთი შედარება არსებობს იგივე ნარკომანიის დროს. ამიტომ რეგულაციების არდაცვა და წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, არასწორია. ძალიან ვთხოვ ყველას, გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები.

ეს ხომ ბიოლოგიური ომია. ჩვენ გვყავს დაჭრილი ადამიანები. ჩვენი გენერალი, მთავარი ინფექციონისტი იყო დაჭრილი, რა შეიძლება მოხდეს მეტი. ეს შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, შესაძლოა დეკემბრის 20 რიცხვიდან ახალ წლამდე ყოველდღიურად 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც მან განმარტა, რეგულაციების მკაცრად დაცვის შემთხვევაში, ინფიცირების ფაქტების რაოდენობა შემცირებას იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. სულ გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.