მსუბუქი პაციენტები სასტუმროებში უნდა გადანაწილდნენ - გახარია
მსუბუქი პაციენტები სასტუმროებში უნდა გადანაწილდნენ - გახარია

A+ A-

18:02 30/11/2020

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ  მსუბუქი პაციენტები სასტუმროებში უნდა გადანაწილდნენ. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, წინა შეხვედრის შემდეგ მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზდეს. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე და ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობაც.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს ინტენსიურად მართავს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.