ცხვრებივით ცხოვრება არ მოსულა, პოლიცია უკანონოდ შემოვიდა ჩემს ბინაში - ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე
ცხვრებივით ცხოვრება არ მოსულა, პოლიცია უკანონოდ შემოვიდა ჩემს ბინაში - ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე

A+ A-

10:04 30/11/2020

ბათუმში, ფიტნეს კლუბ "რეფორმერში", რომელიც "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საცხოვრებელ სახლად იქირავა, გუშინ, გვიან ღამით პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. 

ჯაფარიძე სამართალდამცველთა ქმედებების გასაჩივრებას აპირებს, ვინაიდან მან ფიტნესკლუბი საცხოვრებელ სახლად იქირავა და კომერციულ საქმიანობას არ აწარმოებს, შესაბამისად, აცხადებს, რომ პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა.

„ეს არის ჩემი ბინა, რომელიც, ცოტა ხნის წინ ვიქირავე, ამის მტკიცებულება მაქვს. ამ ბინაში არანაირი კომერციული საქმიანობა არ ხორციელდებოდა. პოლიცია არის უკანონოდ შესული. მე შევედი ჩემს ბინაში, საიდანაც ძალით გამომაგდეს. შიგნით არის 20-მდე პოლიციელი, რომ ნახოთ, რას შვბებიან გაგეცინებათ, დადიან დიდი რულონით და ტრენაჟორებს ერთმანეთზე აბამენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.

„ასე უნდა იქცეოდეს ყველა. ცხვრებივით ცხოვრება არ მოსულა. არ შეიძლება მთავრობა ადამიანებს ექცეოდეს, როგორც ცხვრებს. სანამ ასე ვიქნებით, ყოველთვის თავზე დაგვაჯდებიან. არავის არ აინტერესებს ჩემი ჯანმრთელობა ჩემზე უფრო მეტად. არავის არ უყვარს ჩემი თავი ჩემზე მეტად, არც გახარიას, არც ტიკარაძეს და მივხედავ როგორმე ჩემს თავს! მსოფლიოში ბევრგან აპროტესტებენ ამ შეზღუდვებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში "Reformer fitness"-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად გუშინ იქირავა. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“, ლაივ ჩართვისას განაცხადა.

ხოლო, როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, კლუბის მფლობელმა გიორგი ფუტკარაძემ აკრძალვის მიუხედავად საქმიანობა არ შეაჩერა. ფიტნესკლუბი "რეფორმერი" 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.