ზურაბ აბაშიძემ ჩაიდინა მორიგი მოღალატეობრივი აქტი - ელენე ხოშტარია
ზურაბ აბაშიძემ ჩაიდინა მორიგი მოღალატეობრივი აქტი - ელენე ხოშტარია

A+ A-

15:44 28/11/2020

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ "მოღალატეობრივი აქტი ჩაიდინა" და სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

ხოშტარია განმარტავს, რომ რუსეთი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ანტირუსულ პროვოკაციად აფასებს, მაგრამ სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ამაზე "ორმხრივი ნეგატიური განწყობა" არსებობს.

"პირველ რიგში აბაშიძეს არანაირი უფლება არ აქვს, რომ ილაპარაკოს არალეგიტიმური ხელისუფლების და საქართველოს სახელით. შეუძლია ილაპარაკოს ივანიშვილის სახელით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება, რომ ილაპარაკოს საქართველოს სახელით. გუშინ აბაშიძემ ჩაიდინა მორიგი მოღალატეობრივი აქტი, სადაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს", — განაცხადა ხოშტარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა. მსგავსი რამ არ ეწერა საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.

ხოშტარიას თქმით, ვინაიდან ქართულმა სახელმწიფომ არ უარყო, რუსეთის განცხადება, ეს იმას ნიშნავს, რომ პათოსს იზიარებენ.

"ამას არ გმობენ, შესაბამისად ეთანხმებიან. ეს სამინისტრო და შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის საბჭოთა კავშირის მსახური ანტისახელმწიფოებრივი უწყება, ამიტომ აქ ეხლა დაეწერება ის, რაც მათ ეკუთვნით", - განაცხადა ხოშტარიამ.