კლინიკა ბომონდში 91, 83, 80 და 73 წლის პაციენტებმა კორონავირუსი დაამარცხეს
კლინიკა ბომონდში 91, 83, 80 და 73 წლის პაციენტებმა კორონავირუსი დაამარცხეს

A+ A-

14:55 28/11/2020

კლინიკა ბომონდის ინფორმაციით, მათ კოვიდცენტრში ვირუსი ხანდაზმულმა პაციენტებმა დაამარცხეს. კერძოდ, 91, 80, 83 და 73 წლის პირებმა.

ბომონდში ამბობენ, რომ გამოჯანმრთელებული 91 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 22 ნოემბერს, სახლიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. პაციენტს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, გვერდების ტკივილი და გულ-მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდა. პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

მათი თქმით, სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადება ასაკოვანი ცოლ-ქმარი. წყალტუბოს მკვიდრი, 80 და 83 წლის პაციენტები კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შევიდნენ. მათივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის კაცი, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

კლინიკაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის 90 წელს გადაშორებული 5 პაციენტი ჰყავთ. ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 125 პაციენტია მოთავსებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 450-ს შეადგენს.