არჩევნებს ჰყავს "ლუზერები" - ეს არის "ევროპული საქართველო" - ირაკლი კობახიძე
არჩევნებს ჰყავს "ლუზერები" - ეს არის "ევროპული საქართველო" - ირაკლი კობახიძე

A+ A-

17:41 25/11/2020

არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. „ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო არჩევნებში. ეს არის „ევროპული საქართველო". ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „დღის ნიუსრუმიში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა პარტიებთან პოზიციების შეჯერება მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის წითელ ხაზს რიგგარეშე არჩევნები წარმოადგენს, სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი შესაძლებელია.

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი.

გამოკვეთილია უკვე სურათი, ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. „ლუზერები“, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის „ევროპული საქართველო“, რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან. აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა", - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ევროპულმა საქართველომ“ 5 მანდატი მოიპოვა.