საქართველო რევოლუციის გზას ადგას და ეს ევროპელებმა იციან - ნათელაშვილი
საქართველო რევოლუციის გზას ადგას და ეს ევროპელებმა იციან - ნათელაშვილი

A+ A-

14:29 25/11/2020

ევროპაში არაერთი რევოლუცია მოხდა, რათა კონტინენტს დემოკრატიული წყობილება მიეღო, ამ გზაზე დღეს საქართველო დგას. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ნათელაშვილი ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მისი პოზიცია იგივეა, უნდა ჩატარდეს ახალი, დემოკრატიული არჩევნები და საზოგადოებამ მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა.

„როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა გამოტანა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, გარკვეული წლების შემდეგ, ეს ცნობილი გახდება, ყველაფერი უცნობი კარგად ნაცნობი გახლავთ. ჩვენი პოზიცია არის ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელის მოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ახალი დემოკრატიული არჩევნები, საზოგადოებამ უნდა მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა. არ შეიძლება, მოკავშირეებმა დაიკავონ სხვა პოზიცია გარდა იმისა, რომ მოგვიწოდონ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, აბა, სხვანაირად პარტნიორები შუამავლები აღარ გამოვლენ.

ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება იმისთვის, რომ ამ კონტინენტს მიეღო სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება და ისეთი არჩევნები, რომელსაც იმსახურებდა, ამას მიაღწიეს. ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ჩვენს მხარეს უნდა იყოს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და საქმიანობა პარლამენტის ტრიბუნიდან განაგრძონ.

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების ფასილიტატორობით,  უკვე მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა.  იგეგმება მესამე რაუნდის გამართვაც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა.