მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა - ადვოკატი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა - ადვოკატი

A+ A-

13:14 21/11/2020

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ლევან ზურაბიშვილს ადვოკატები წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს მოინახულებენ, ინტერესების დამცველებმა საქმის მასალები საგამოძიებო უწყებიდან უკვე მოითხოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

31 წლის მამაკაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, გუშინ საღამოს შეიჭრა და სოციალური მოთხოვნები დააყენა.

დაკავებულის ერთ-ერთი ადვოკატი აკონკრეტებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელში ხელყუმბარის დიზაინის სანთებელა ეჭირა და ასევე, ის სპორტული პისტოლეტი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ხმას გამოსცემს. 

"როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, მან ამ ტიპის პერფორმანსი-აქცია მოაწყო და რაიმე კონკრეტული ინტერესი, რომ რაიმე სარგებელი მიეღო - არ ჰქონია. ასევე მას არ ჰქონდა არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი. მას მხოლოდ სანთებელას დიზაინის ხელყუმბარა ჰქონდა და სპორტული პისტოლეტი, რომელიც მხოლოდ ხმას გამოსცემს," - აღნიშნავს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა.

მეორე უფლებადამცველის ირმა ჭკადუას განცხადებით კი, ეს პროტესტის გამოხატვის ერთგვარი პერფორმანსი იყო და მას მძევლებისთვის არაფერი დაუშავებია. 

"ამ ადამიანმა, როგორც შეძლო იმ ფორმით გამოხატა პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ. ის რომ რომელიმე ტელევიზიაში მისულიყო ან ქუჩაში ამ თემებზე ეყვირა, არავინ მიაქცევდა ყურადღებას. ეს მისი პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო.

ჩვენ ვხედავდით რომ ის მძევლებს არაფერს არ აიძულებდა და არც ცუდად ექცეოდა. ვნახოთ რას მოგცემს საქმეში არსებული მტკიცებულებები," - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.