ხომ არ იტყოდა კობახიძე, მცემაო? - რაზე ისაუბრეს ჩარკვიანმა და კობახიძემ "რუსთავი-2"-ის სტუდიაში შეხვედრისას, ელჩების გარეშე ?
ხომ არ იტყოდა კობახიძე, მცემაო? - რაზე ისაუბრეს ჩარკვიანმა და კობახიძემ "რუსთავი-2"-ის სტუდიაში შეხვედრისას, ელჩების გარეშე ?

A+ A-

12:38 20/11/2020

რაზე ისაუბრეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2“-ში მცირეხნიანი შეხვედრის დროს, თანაც „მეგობრულად“, „2020NEWS“-მა მაინც გაარკვია, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში თავად კობახიძემ “კურიერის“ ჟურნალისტების ამ კითხვას არ უპასუხა.

როგორც  „2020NEWS“-თან თაკო ჩარკვიანმა თავად განაცხადა, მასსა და ირაკლი კობახიძეს მეგობრული საუბარი არ ჰქონიათ. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, მათი კომუნიკაცია რამდენიმე წამს გაგრძელდა, სადაც ჩარკვიანმა კობახიძეს უთხრა, რომ ხელისუფლებამ „წითელი ნაჭრით“ საზოგადოების გაღიზიანებას თავი უნდა დაანებოს.

„ჩვენი საუბარი მეგობრული ნამდვილად არ იყო. გასაგებია, რომ კობახიძემ ასე თქვა, თუმცა, სხვას რას ელოდით? ხომ არ იტყოდა, მეჩხუბაო, ან „მცემაო“?!

მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც აგრესიით გამოირჩევა და უცენზურო საუბრით ცდილობს თავის დამკვიდრებას. ზრდილობის ფარგლებშიც შესაძლოა ადამიანს მწარე სიმართლე უთხრა.

სწორედ ასე მოვიქევი კობახიძის შემთხვევაში და ვუთხარი, რომ „წითელი ნაჭრით“ საზოგადოების გაღიზიანებას შეეშვით-თქო,

სულ ეს იყო. სხვა საუბარი ჩვენ ორს შორის არ შემდგარა. 7 ადამიანი იყო იქ ჩვენს გარდა და საერთოდ არ ვიცი, რატომ მიწევს ამ თემაზე თავის მართლება.

ცივილურად ვუთხარი სიმართლე და მანაც კულტურულად მიპასუხა - დიახო. არ ვიცი ეს დიახ რას ნიშნავდა, თუმცა სულ ეს იყო ჩვენი კომუნიკაცია“, - განაცხადა ჩარკვიანმა სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლებას დიალოგი სურს, ოპოზიციის მოთხოვნები აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ოპოზიცია მონოლითურად ერთ აზრზეა. თუ კი ხელისუფლებას დიალოგი სურს, ჩვენი მოთხოვნები აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს.

ჩვენ არ გვაქვს არავის ჯიბრი. პარლამენტში, რომ  შევიდეთ, რა აზრი აქვს?! არანაირი, რა თქმა უნდა! სასამართლო კლანი არსებობს საქართველოში, ამაზე არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ დასავლეთიც საუბრობს.

ხელისუფლებასთან დებატებზე იმ შემთხვევაში ვიქნები თანახმა, თუ კი წინასწარ მეცოდინება დებატების ფორმატი. შექმნან თანაბარი პირობები და კი ბატონო თანახმა ვარ. ხელისუფლება იძახის, რომ ჩვენ დიალოგი არ გვსურს, თუმცა ეს არის სიცრუე! „. - ამბობს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგაც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩარკვიანსა და მას „მეგობრული“ საუბარი ჰქონდათ.

ხატია მამულია