პირველი თოვლი საქართველოში
პირველი თოვლი საქართველოში

A+ A-

16:08 19/11/2020

მას შემდეგ, რაც უხვი ნალექის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოთოვა, თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზეც პირველი თოვლი მოვიდა. სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა გადათეთრებული დაბა კოჯორისა და ლილოს დასახლების ფოტოსურათები.

მოქალაქეები პირველი თოვლის მოსვლას აღნიშნავენ და თან ფოტოებს აქვეყნებენ.

„პატარა ლილოშიც თოვს“, - წერს „ფეისბუქში“ მომხმარებელი მაკა მარჯანიძე.

„თოვლი მოსულა თბილისში, თბილისი თოვლის ფერია“, - წერს საარჩევნო საკითხებში ექსპერტი ლადო ბოჟაძე და თბილისის ფოტოებს აქვეყნებს.

პირველი თოვლი მოვიდა წყნეთშიც. საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში დათოვლილი წყნეთის ფოტოსურათებს აქვეყნებს და წერს: „ისევ თოვს! სამოთხეა ნამდვილი".

დათოვლილი ტაბახმელას ფოტოებს ჟურნალისტი თემურ ჭუმბურიძეც აქვეყნებს.

სოცქსელში ფოტოები ქვეყნდება თეთრაწყაროს რაიონის სოფელი მანქალისიდან, სადაც უხვი რაოდენობით მოვიდა თოვლი.

გვერდი „რაჭა ჩვენი სიყვარული“ ონის რაიონის დათოვლილი სოფლების - ღებისა და გლოლას ფოტოებს აქვეყნებს: „ასეთი ამბები გვაქვს მთის რაჭაში, სოფელ ღებში. თვალს რომ გაახელ და მთელი ეზო გადაბარდნილი რომ დაგხვდება. გლოლაშიც ჩამოთოვა“.