არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამერიკული ბაზის გახსნის მოთხოვნას პომპეოსთან სამუშაო მაგიდაზე დადებს - პეტრიაშვილი
არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამერიკული ბაზის გახსნის მოთხოვნას პომპეოსთან სამუშაო მაგიდაზე დადებს - პეტრიაშვილი

A+ A-

18:54 17/11/2020

ხელისუფლების მხრიდან საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნის მოთხოვნის საკითხი შეერთებული შტატებსახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ოფიციალურ სამუშაო მაგიდაზე არ დაიდება. ამის შესახებ „2020NEWS“-პოლიტოლოგმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აშშ-ის მუდმივი ჯარის განთავსება, რომლის შესახებაც საუბარია მაიკ პომპეოს მიმართ ქართველი ექსპერტების ღია წერილში, დროის საკითხია.

„გულწრფელად გითხრათ, არ მაქვს განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე დაიდება, მაგრამ არა უშავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ასეთი აზრი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა ამის დროც. შეიძლება ეს იყოს ძალიან მალე, როდესაც აშშ-თან რეალურ და კონკრეტულ თანამშრომლობის საკითხებზე იქნება საუბარი. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ფაქტი, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი რეგიონში. შავი ზღვის რეგიონი კი არის უმნიშვნელოვანესი ინტერესის სფერო აშშ-სა და ჩვენი „ნატოელი“ პარტნიორებისათვის.

მხოლოდ დროის საკითხია, რომ განხილული იქნეს კონკრეტული სამხედრო - ინფრასტრუქტურული საკითხების ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ტერიოტორიაზე“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის მუდმივი ჯარის განთავსების მოთხოვნით, უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე 40-ზე მეტმა ქართველმა ექსპერტმა, ყოფილმა დიპლომატმა და მაღალჩინოსანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნს, მაიკ პომპეოს ღია წერილით მიმართა. მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 2 დღე გაგრძელდება.

ირინა მაკარიძე