ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში, შესაძლოა აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსების საკითხი გადაწყდეს - ექსპერტი
ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში, შესაძლოა აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსების საკითხი გადაწყდეს - ექსპერტი

A+ A-

13:03 17/11/2020

რუსეთი თუ განალაგებს ყარაბაღში დამატებით სამხედრო ნაწილებს, რატომ არ აქვს აშშ-ს უფლება, ამერიკული საწვრთნელი ბაზა საქართველოში განათავსოს? რა მოლოდინი არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის მიმართ? რა საკითხების შესახებ იქნება საუბარი და რა შედეგებს უნდა ელოდოს საქართველო პომპეოს ვიზიტისგან? ამ საკითხებზე „2020NEWS“-ს პოლიტოლოგი, ,„შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.

- თქვენი აზრით, რა ძირითადი საკითხების განხილვა მოხდება ამ ვიზიტისას?

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გააჩნია როგორც გეოპოლიტიკური, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა. ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს ის გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელსაც ადგილი აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში - მთიან ყარაბაღში რუსეთის სამხედრო ძალების . ე.წ. სამშვიდოებოები განთავსდებიან.

შედეგად, ვიღებთ რუსეთის ჯარებს სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკაში. საქართველოში რუსეთის ჯარი საოკუპაციო ძალების სახით არის წარმოდგენილი, სომხეთში - სამხედრო ბაზის, აზერბაიჯანში კი ე,წ. „სამშვიდოებოების“ სახით მოგვევლინა.

ვიზიტის მეორე საკითხი, ჩემი აზრით, უკავშირდება ანაკლიის პორტს. მაიკ პომპეომ კერ კიდევ 2019 წელს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთნ, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას გამოხატა თავისი მხარდაჭერა ანაკლიის პორტის მიმართ. მან განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ ინტეგრაციას თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებთან, მათ შორის, აშშ-თან და გარკვეულწილად, შეამცირებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკურ გავლენას საქართველოში.

ნაკლიის პორტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2020 წელს გემების შემოსვლა და ტვირთბრუნვის გაზრდა. პროექტი ჩაიშალა და ბუნებრივია, ეს იწვევს აშშ-ის შეშფოთებას. ალბათ, ანაკლიის პროექტის განახლების საკითხი ასევე იქნება დღის წესრიგში.
მესამე საკითხი, ალბათ იქნება ის, რომ აშშ-ის შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩინეთის პოლიტიკური გავლენის ზრდა საქართველოზე. ჩვენ ვიცით, რომ 2018 წლიდან ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთსა და საქართველოს შორის. ჩინეთი არის საქართველოს N3 სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. ჩინეთს აშშ განიხილავს თავის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ და არ სურს მისი გავლენის ზრდა რეგიონში.
კიდევ ერთი საკითხი- შეხვედრისას საუბარი შეეხება, ალბათ, არჩევნებს...

- რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობის გაზდის პერსპექტივას, ამის შესახებ რას იტყვით?

- შეიძლება შემთხვევითი არ არის ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილი გენერლის, ბენ ჰოჯესის განცხადება. მისი სურვილია, რომ მეტი ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა იხილოს საქართველოს ტერიტორიაზე. შესაძლოა, ამ შეხვედრაზე მოხდეს სამხედრო-პოლიტიკური საკითხების განხილვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

თუ, ვთქვათ, რუსეთი განალაგებს რეგიონში დამატებით სამხედრო ნაწილებს, რატომ არ აქვს აშშ-ს უფლება რომ ეს გააკეთოს? თუმცა, ამას ჭირდება აშშ-ს კეთილი ნება. მეტი ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს დამატებით სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოში, შესაძლებელია ახალი - ამერიკული სასწავლო ცენტრის გახსნა.

ჩვენ ვიცით, რომ 2016 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს „ნატოს“ სასწავლო ცენტრი - ვაზიანის ბაზაზე.

- ქართველმა ექსპერტებმა ღია წერილით მიმართეთ მაიკ პომპეოს, საქართველოში აშშ-ის მუდმივი ჯარის განთავსების მოთხოვნით, რამდენად რეალურია ეს მოთხოვნა?

- მოსალოდნელია, რომ მაიკ პომპეო რამდენიმე თვეში, დიდი ალბათობით, აღარ იქნება ამ თანამდებობაზე და ეს საკითხი განსახილველად გადაეცემა ამერიკის შერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას. ჯო ბაიდენის მეთაურობისას, შესაძლებელია, ეს საკითხი გადაწყდეს.

ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, აშშ-ს მთავარ მოწინააღმდეგედ ჩინეთს განიხილავს, ბაიდენი გამოცდილი პოლიტიკოსია და მთავარ მოწინააღმდეგედ - უფრო რუსეთს მიიჩნევს. შესაბამისად, მოლოდინი არსებობს, რომ აშშ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს.

უნდა ითქვას, რომ აშშ-ს აქვს თავისი შიდა გამოწვევები, რაც დაკავშირებულია, პირველ რიგში, პანდემიასთან. აშშ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ეს პრობლემა თუ მოგვარდა, შემდეგ საგარეო ეკონომიკურ გამოწვევებზე იქნება ფოკუსირება, მათ შორის - საქართველოზეც.

ირინა მაკარიძე