საიდუმლოს მტერიც კი ინახავს, წითელი ხაზი გადაკვეთა - "ქართული" მაჭარაშვილი "ექსქართუელ" გოგოლაძეზე
საიდუმლოს მტერიც კი ინახავს, წითელი ხაზი გადაკვეთა  - "ქართული" მაჭარაშვილი "ექსქართუელ" გოგოლაძეზე

A+ A-

19:00 26/10/2020

რა საიდუმლო არ შეინახა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა და რა  წითელი ხაზები გადაკვეთა მან? რა უნდა დაეტოვებინა პირად სივრცეში და რატომ შეაქვს ეჭვი ელდარ გოგოლაძის გულწრფელობაში, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი, საარჩევნო სიის 30-ე ნომერი, „ბანკი ქართუს“  ყოფილი იურისტი  გურამ მაჭარაშვილი „2020NEWS“-თან ექსკლუზიურად საუბრობს.

რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის სკანდალურ ინტერვიუზე, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში  გუშინ გავიდა?

- ინტერვიუს ორივე მონაწილე ერთ პრიზმაში მოევლინა საზოგადოებას.  ერთის მხრივ, ნიკა გვარამია,  როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური და  მეორე მხრივ ადამიანი, რომელსაც  პროფესიულად და ადამიანურადაც ჰქონდა ვალდებულება,  მის პირად სივრცეში დარჩენილიყო, რაც იცოდა. რაც სამწუხაროდ, არ გააკეთა. 

ის მუშაობდა ისეთ უწყებაში და ასევე ისეთ პიროვნებასთან, რომელსაც,  როგორც თვითონაც აღიარებს, ბევრი კარგი რამ გაუკეთებია ქვეყნისთვის,  თუმცა შემდეგ ნეგატიურ კონტექსში მოიხსენიებს მას. მტერიც კი ინახავს იმ საიდუმლოებას, რასაც ქვია პირადი სივრცე. 

რა შეგიძლიათ გვითხრათ ელდარ გოგოლაძეს შესახებ, თქვენ მუშაობდით ბანკ „ქართუში“ და თუ გქონდათ მასთან შეხება?

- არა,  შემხებლობა არ გვქონია, ჩვენ ბანკში ვმუშაობდით და ის მუშაობდა ჯგუფში, სადაც უსაფრთხოებას კურირებდა. ასე ვთქვათ, დიდი შემხებლობა მასთან ჩვენ არ გვქონია. ფაქტი ერთია, ძალიან ბევრი ადამიანი არ იკადრებს იმას, რაც მაგან იკადრა.

თქვენ ბრძანებთ, რომ მან არ შეინახა ინფორმაცია, რომლის შენახვა ევალებოდა.  ანუ, რაც მან გაავრცელა, რეალურია?

- ზოგადად, დიახ, ევალებოდა, არა მხოლოდ პროფესიული, თუნდაც ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, შეენახა რაც იცოდა. მეორეც,  ფაქტებს დამახინჯებულად გადმოცემს. ამასთან, როდესაც ის პიროვნება არ ზის იქ, რომელზეც საუბრობ და ამ  ადამიანმა  განდო შენ მთელი გარკვეული სფერო და ამას ცუდად იყენებ,  ეს არის ძალიან უღირსი საქციელი.

რაში დასჭირდა მას  ამ ინტერვიუს მიცემა, განაწყენებულია ბიძინა ივანიშვილზე?

- არ ვიცი, მაგრამ არ მგონია საზოგადოებისათვის ეს საინტერესო იყოს. ცხადია,  მან გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი,  ცრუობს და დამახინჯებულად აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა იყო დამახინჯებული, ის საუბრობდა იარაღით ვაჭრობაზე... 

- ბუნებრივია,  ფაქტები, რომელზედაც ის საუბრობდა,  იცის მხოლოდ მან და ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ფაქტია, რომ მან პოზიტიურად არ მოიხსენია ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული  საქმეები. ამით უკვე ჩანს მისი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე,  დამაჯერებლობა  ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ეხება მხოლოდ მას და ადრესატს, მინიმუმამდე დაყვანილი. 

მან ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ ხდებოდა „ქართუ ბანკში“ ადამიანების დაწინაურება. ამის შესახებ რას იტყვით, როგორ ხდებოდა კადრების შერჩევა?

- ეს ფაქტი ხომ საჯაროა. ბანკში რომ თანამდებობის პირები ლიფტიორები და დაცვის ბიჭები არ იყვნენ, ამის გადამოწმება ადვილია.  (გოგოლაძეს) ამდენი კი უნდა  ცოდნოდა  რომ ეროვნული ბანკი „ქართუბანკს“ საპასუხისმგებლო პოზიციაზე  არაკომპეტენტური პირის დანიშვნის უფლებას  არ მისცემდა.  ასეთ ფაქტებს რომ  ამახინჯებს, დანარჩენ საკითხებშიც მისი დამაჯერებლობა არის ნულოვანი.

მან განაცხადა ასევე,   რომ ბიძინა ივანიშვილი ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მკურნალობდა, ამის შესახებ გსმენიათ რამე?

- ფსიქიური პრობლემები ვის აქვს, მე მგონი,  ამ სატელევიზიო  ინტერვიუში ჩანდა.  ეს არის ჩემი პასუხი. 

ცნობისთვის, ქვეყნის მმართველი ძალის „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრმა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი არჩევნების 6 დღით ადრე,  სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილი ქვეყნისათვის საშიში და ყველაფერზე წამსვლელი პირია.  გოგოლაძის განცხადებით, ივანიშვილი ანგოლას ომის დროს, რუსული იარღით ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა.

ირინა მაკარიძე