მოითხოვს თუ არა რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას ყარაბაღის ომში?
მოითხოვს თუ არა რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას ყარაბაღის ომში?

A+ A-

16:35 26/10/2020

მოითხოვს თუ არა რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას ყარაბაღის ომში,  კონფლიქტის მონაწილე რომელ მხარეს აუნთო რუსეთმა მწვანე შუქი და შეთანხმების მიუხედავად, რატომ არ წყდება ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით,  „2020NEWS“ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.  

-რას იტყვით მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რომელიც ისევ დაირღვა?

 - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც დღეს 26 ოქტომბრის 08.00 საათიდან ამოქმედდა, მაშინვე დაირღვა. ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დილიდან ისევვ განახლდა, რასაც ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს. მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობა ორჯერ უკვე იყო, 10 და 18 ოქტომბერს, ეს არის მესამე მცდელობა, რომელიც ასევე კრახით დაასრულდა, რაც ძალიან ცუდია. ჰუმანიტარული ზავი ნებისმიერ ომში იდება, რაც აუცილებელია ბრძოლის ველიდან დაღუპული სამხედროების ცხედრების გასატანად  და ტყვეების გასაცვლელად.

სამხედროები უნდა დაიკრძალონ, უნდა მოხდეს ჭირისუფლებისათვის მათი გადაცემა, ასევე უნდა მოხდეს ტყვეების გაცვლა. ეს ნებისმიერ ომში ხდება. ესეც რომ არ იყოს, იქმნება ეპიდემიოლოგიური საფრთხე. აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს, რომ ცხედრებს ეტანებიან გარეული ცხოველები და არა მხოლოდ.

ომის შეჩერება ერთი დღითაც კი სომხეთს აწყობს, რა თქმა უნდა, რადგან ის თავდაცვით პოზიციაშია. ტაქტიკური უპირატესობა და ინიციატივა აზერბაიჯანის მხარესაა. ის მიზანთან ახლოსაა. აზერბაიჯანი შეტევაზე გადასული მხარეა, რომელსაც თავის გეგმა აქვს.

მან უკვე აღადგინა სახელმწიფო საზღვარი ირანთან, რომელსაც ბოლო 24 წელი სომხეთი აკონტროლებდა. თანდათან ალყაში ექცევა ყარაბაღის მთავარი ქალაქები, რაც ომის შესაძლო ბედზე უკვე მიუთითებს.

- რას იტყვით რუსი დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებაზე, რომ რუსეთმა სომხეთის დასახმარებლად, შესაძლოა საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენოს?

-რაც შეეხება რუსი დეპუტატის ზატულინის განცხადებას, საქართველოს ცის გამოყენების შესახებ, მე ამასთან დაკავშირებით, რუსელ მედიასაშუალებასაც განვუცხადე და იმავეს ვიტყვი: საქართველოს ამ კონფლიქტის განახლებისთანავე, 27 სექტემბერს განაცხადა, რომ წყვეტს სამხედრო ტრანზიტს, როგორც სომხეთთან ასევე აზერბაიჯანთან, რაც არის სწორი გადაწყვეტილება.

მეორეს მხრივ, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო რუსებსს არ აძლევდა უფლებას, რომ საქართველოს გავლით ეფრინათ.

რუსეთი ირანის გავლით სარგებლობს და გააგრძელოს ამ სააერო გზის გამოყენება. ბოლო დღეებშიც რამდენიმე რუსული სატრანზიტო თვითმფრინავი ისევ რუსეთი-კასპიის ზღვა-ირანი- სომხეთის მარშრუით შევიდა მეზობელ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თანაბარ პარტნიორად მიიჩნევს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

ამასთან მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს ეს ტერიტორიები დაკარგული აქვს, რაც მუდმივად ვერ გაგრძელდება, ეს კი არის, ფაქტობრივად, მწვანე შუქის ღიად ანთება აზრბაიჯანისათვის. როცა ამას რუსეთის პრეზიდენტი ამას ამბობს, იქ უკვე ზატულინი რას იტყვის, ამას უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ირინა მაკარიძე