ცესკო ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას მიყვება - ლევან გოგიჩაიშვილი
ცესკო ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას მიყვება - ლევან გოგიჩაიშვილი

A+ A-

14:09 26/10/2020

ცესკო მიყვება ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას. ამის შესახებ „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გარეშე არ ჩაივლის.

„ცესკო აბსოლუტურად მოუმზადებელია, მოუმზადებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მოუმზადებელია ზოგადად სახელმწიფო პანდემიის იმ მასშტაბისთვის, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ, მივიღეთ იმის გამო, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცა ხელისუფლება. ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა კოჯორში, რომელმაც თქვა, რომ დაამარცხეს კოვიდი და დღეს ვართ ამ სიტუაციაში. ეს არის გახარიას პასუხისმგებლობა, მთავრობის და აბსოლუტურად უვიცი ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობა, მათ შორის, პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ამბობენ, რომ აკონტროლებენ სიტუაციას, რას აკონტროლებს რატი იონათამიშვილი, ან ხუნდაძეს კითხეთ, რას აკონტროლებს? ესენი არიან უპასუხისმგებლო ადამიანები.

რაც შეეხება ცესკოს, ვფიქრობ, გაჩნდება ხმებით მანიპულირების მექანიზმები, არ არის საკმარისი ღიმილიანი ახალგაზრდა სტუდენტის გამოყვანა კლიპში, რომ ადამიანები დარაზმო და წაიყვანო რეგისტრაციისთვის. ამას სჭირდებოდა დრო, ორგანიზება, რესურსი, ამიტომ ის ყუთები, რომელიც იმოძრავებენ, იქნება სერიოზული გაყალბების საშუალება.

ცესკო მიყვება ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას, კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის, რომ დამოუკიდებელი წევრები „ქართული ოცნების" აქტივისტები არიან, შესაბამისად მე ვერ ვგრძნობ, რომ ცესკო-ს პასუხისმგებლობა აქვს ამ არჩევნებთან მიმართებაში, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება კონსტიტუციური უფლების გარეშე და ისინი ვერ მისცემენ ხმას. ესეთები არიან ათეულ ათასობით, ერთ კოვიდ ინფიცირებულზე მოდის 5-7 ადამიანი თვითიზოლაციაში. დათვალეთ და ნახავთ, რომ ათიათასობით ადამიანს ექნება წართმეული ხმის უფლება ამ არჩევნებზე", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.