"გლავკანალი" და გვარამია, რუსული ჩეკისტური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში და გუანტანამო - რას ფიქრობს "ოცნების" "გლავნი" პროპაგანდისტი?
"გლავკანალი" და გვარამია, რუსული ჩეკისტური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში და გუანტანამო  - რას ფიქრობს "ოცნების" "გლავნი" პროპაგანდისტი?

A+ A-

12:02 26/10/2020

ელდარ გოგოლაძეს არ აცდება გუანტანამო, გვარამიას - გლადნის ციხე! ამის შესახებ პოსტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პიარ-კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსული ჩეკისტური პროგაპანდის საუკეთესო ტრადიციით, დაუფარავად ამტკიცებს, რომ ამერიკის სახელმწიფო პატიმრებს აწამებს.

„გლავკანალი და ნიკა გვარამია, რუსული ჩეკისტური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში, უკვე დაუფარავად ამტკიცებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო პატიმრებს აწამებს. ამ ფონზე, აბა, მე რა მოსატანი ვარ? თუმცა, უკუღმაა, ასინეთა, ყველაფერი. წამების მეტაფორა შენი აშენებული გლდანის ციხეა და არა გუანტანამო, სადაც თავისუფალი სამყაროსთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს. გოგოლაძე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ნაღმს ჯერ კიდევ 27 წლის წინ უდებდა და ეს თუ დაუმტკიცდა, სწორედაც რომ გუანტანამოს იმსახურებს.

აი, შენ კი, გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული. თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ ყავა რატომაა ცივი და კარაქი ზედმეტად გაყინული, პურზე არ ესმევაო. P.S. რაც შეეხება ვირთხების გნიასს ჩემს ეგრედ წოდებულ მუქარაზე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად არ ავიყვანე სამსახურში ეს ჭორიკანა უვიცი - კერძო პირის (რომელიც არანაირ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებს) მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება დაპატიმრების მუქარად“, - წერს ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი გოგოლაძე ყოფილ უფროსს ღიად უპირისპირდება.