საქართველო დიდი ხანია მზადაა "ნატოს" წევრი გახდეს, მაგრამ "ნატო" არ არის ჯერ მზად - ალადაშვილი
საქართველო დიდი ხანია მზადაა "ნატოს" წევრი გახდეს, მაგრამ "ნატო" არ არის ჯერ მზად - ალადაშვილი

A+ A-

12:08 26/10/2020

საქართველო დიდი ხანია მზადაა „ნატოს“ წევრი გახდეს, მაგრამ „ნატო“ არ არის ჯერ მზად, რომ საქართველო მის წევრად მიიღოს. ამის შესახებ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის - „არსენალი“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „2020NEWS“- თან აცხადებს.

მისი თქმით, ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელმაც უკრაინაში განაცხადა, რომ საქართველო მზად არის „ნატოს“ წევრობისთვის, მოულოდნელი არ ყოფილა. რადგან ჰოჯესი საქართველოს მიმართ სიმპათიას არც აქამდე მალავდა.

„ბენ ჰოჯესი, რაც თანამდებობიდან გადადგა, არ მალავს სიმპათიას საქართველოს მიმართ. თუმცა, ვიდრე ყოფილი გახდებოდა, მაშინაც ასე აქტიურად რომ დაეჭირა მხარი საქართველოსთვის, კარგი იქნებოდა. შეიძლება უჭერდა კიდეც, არ ვიცით... ბოლო 5, თუ მეტი წელია, საქართველო მზადაა ნატოს წევრი გახდეს. ბოლო წლებში „ნატოს“ წევრი გახდა რამდენიმე ისეთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს წინ არაფრით არაა, არც მეტი დემოკრატიაა და არც არმია ყავს საქართველოზე ძლიერი... ამ არეულ სიტუაციაში რომელიც დღესაა კავკასიაში, არის შანსი, რომ საქართველო მიიღონ „ნატოს“ წევრად, მაგრამ ისევ რჩება მთავარი პრობლემა, რაც არის რუსეთი და მისი რეაქცია. „ნატომ“ რომ საქართველო თავის წევრად მიიღოს და ამ დროს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო აგრესია განახორციელოს, მაშინ ნატო ვალდებული იქნება, მისივე წესდების მეხუთე მუხლის თანახმად, საქართველო დაიცვას. საკითხავია, ნატო არის მხად, რომ სამხედრო გზით საქართველო დაიცვას?“ - აცხადებს ალადაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ამერიკელი გენერალმა ბენ ჰოჯესმა ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ნატოში შესვლა ნაადრევია. საქართველო უკვე მზად არის, რომ გაწევრიანდეს ნატოში.

ირინა მაკარიძე