ექსკლუზივი: გალდავა VS ტერორისტი - მძარცველის ფოტორობოტი და პოლიეთილენის 5 შეკვრა - სკანდალური საქმის გაუხმაურებელი დეტალები
ექსკლუზივი: გალდავა VS ტერორისტი - მძარცველის ფოტორობოტი და პოლიეთილენის 5 შეკვრა - სკანდალური საქმის გაუხმაურებელი დეტალები

A+ A-

19:15 23/10/2020

თავდაჯერებული, სიტყვაძუნწი, თავისებური საუბრის მანერის მქონე, თუ საჭირო იქნებოდა, ადამიანის მოკვლაზეც წამსვლელი, საშუალო სიმაღლის, სპორტული აღნაგობის ტერორისტი აღმოსავლეთ საქართველოდან არ იყო. ითხოვდა 4 მძევალს, მაგრამ სამხარეო პოლიციის უფროსმა 3 მძევალზე დაითანხმა, თანაც მათ შორის, ერთი თავად ავთანდილ გალდავა უნდა ყოფილიყო. თავდამსხმელს ჰქონდა: კალაშნიკოვის“ ავტომატი, „მაკაროვის“ პისტოლეტი, F1-ის ხელყუმბარა.  ე.წ. „ლიმონკა“ ხელიდან ხელში გადაჰქონდა, როცა ერთი ხელი ეღლებდა. საკუთარი ტელეფონი არ ქონია.

სხვის ტელეფონში, ტელევიზიიით ადევნებდა თვალს, როცა ბანკის სახურავიდან სამართალდამცველებს ხალხი დაბლა ჩამოჰყავდათ. გაღიზიანდა, კონტროლი დაკარგა. ყველა ვერ შეაკავა.

იცოდა, რაზეც მიდიოდა, ისიც, რომ შეესაძლებელი იყო, მოეკლათ. ემზადებოდა შეტაკებისთვის!

და რა მოხდა მაშინ, როდესაც ტერორისტს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ ტელეფონზე არ უპასუხა? - ამას მძევალ ირაკლი კვარაცხელიასთან „2020NEWS“-ის სკანდალური ინტერვიუდან შეიტყობთ.

მძევალს მედიისთვის ყველაფერი ნამდვიად არ ჰქონდა ნათქვამი. თუმცა, აქვე ვიტყვით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინტერვიუშიც ყველაფერი არაა ნათქვამი.

- ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, სადაც ის ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანისა და მძარცველის თანამზრახველობაზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს?

- პირადად მე დავით ხვიბლიანისგან, ან რომელიმე სხვა მძევლისგან მძარცველთან თანამშრომლობა და თანამზრახველობა არ შემიმჩნევია. რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა იმის საფუძველი არ მაქვს, რომ მათი ნაცნობობაზე ან რაიმე სახის კავშირზე  ვიფიქრო, რადგან ხვიბლიანის მოქმედებები სხვა მძევლებისგან არაფრით განსხვავდებოდა.

- თქვენი თქმით, მძარცველი მეგრულადაც ახდენდა მძევლებთან კომუნიკაციას. ჰქონდა თუ არა მას მეგრული "კილო", ანუ ფიქრობთ თუ არა იმას, რომ დამნაშავე სამეგრელოდანაა?

- ძალიან სიტყვაძუნწი იყო და მოზომილად საუბროდა. ისეთი თავისებური მანერა ჰქონდა საუბრის, რომ გამიჭირდება, რომელიმე კონკრეტული რეგიონის დასახელება, თუმცა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მეგრელი იყოს. ძირითადად ქართულად ახდენდა ჩვენთან კომუნიკაციას, თუმცა მან მეგრულიც იცოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც კი მოგვმართა. ჩემი აზრით, ის აღმოსავლეთ საქართველოდან არ იყო, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია...

- სოციალურ ქსელში გავრცელდა "საქართველოს ბანკის" მიერ მიწოდებული ვიდეომასალა, სადაც დამნაშავე ფეხით ამტვრევს შუშას. რამ გამოიწვია მძარცველის გაღიზიანება?

- გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც მძარცველი ფეხით შუშას ამტვრევს, არის შემოსვლის მომენტი, როდესაც ის შემოიჭრა ბანკში. თავიდან ძალიან აგრესიული იყო, თუმცა მალევე დამშვიდდა და მიყვებოდა თავის გეგმას.

- ვისი ტელეფონით ადევნებდა თვალს მძარცველი "საქართველოს ბანკის" გარეთ განვითარებულ მოვლენებს?

- მძარცველს საკუთარი ტელეფონი არ ჰქონია. სხვადასხვა მძევალს სთხოვდა ხოლმე, ლაივი ჩართეთ, უნდა გავიგო, გარეთ რა ხდებაო...

- მძარცველს ხელში ხელყუმბარა ეჭირა, რომელსაც დამცველი ჰქონდა მოხსნილი. როგორ მოახერხა მან ამდენი საათის განმავლობაში ყუმბარის ხელიდან არ გაშვება?

- ჩემთვისაც გასაკვირი ფაქტი იყო ნამდვილად, თუმცა, როდესაც ხელი დაეღლებოდა, ერთი ხელიდან მეორეში გადაქონდა ხოლმე. სწორედ ასე გაძლო მთელი დღის განმავლობაში.

- გადიოდა თუ არა მძარცველი საპირფარეშოში, ან მძევლებს თუ გიშვებდათ?

- გაოცებულები ვიყავით ყველა... მძარცველი ერთხელაც არ გასულა საპირფარეშოში, როდესაც მძევლები რამდენჯერმე გადიოდნენ. იმის შიში, რომ რომელიმე მძევალი გაიქცეოდა, არ ჰქონდა, რადგანაც საპირფარეშო იმ ადგილთან ახლოს იყო, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით.

- შიგნით ყოფნის დროს, რომელიმე მძევალი პანიკაში ხომ არ ჩავარდნილა? თუ ჩავარდა, რა რეაგირება მოახდინა დამნაშავემ ამ ფაქტზე?

- ასეთი ფაქტები ნამდვილად იყო დასაწყისშივე, რამდენიმე ადამიანი პანიკაში ჩავარდა და ისტერიკა მოაწყო. ამის შემდეგ კი, დამნაშავემ მათ უთხრა, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ და გარეთ გასულიყვნენ.

- თუ შეგიძლიათ, ორსული ქალისა და მოხუცების გათავისუფლების მომენტი გაიხსენეთ. თავად თხოვეს ამ ადამიანებმა გაშვება, თუ მძარცველმა მიიღო ეს გადაწყვეტილება?

- რამდენადაც მახსოვს ორი ფეხმძიმე ქალბატონი იმყოფებოდა ბანკის ტერიტორიაზე და ერთ-ერთმა თავად თხოვა გაშვება, რაც შეეხება მეორეს, მძევლების მოწოდების შემდეგ გაათავისუფლა, მოხუცებთან ერთად.

- "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა აცხადებდა, რომ "საქართველოს ბანკის" შენობაში მძევლად მისი ბიძაშვილიც იმყოფებოდა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც გარეთ იდგნენ და მგულშემატკივრობდნენ, მითხრეს, რომ შეესწრნენ ფაქტს, თუ როგორ საყვედურობდნენ იმ ადამიანის მშობლები ბატონ გაბედავას, რომელიც იძახდა, ერთ-ერთი მძევალი მისი ნათესავი იყო. ასე რომ, მისი ეს ნათქვამი სიცრუე აღმოჩნდა.

- გთხოვთ, დაგვიხასიათოთ მძარცველის ვიზუალი. როგორ გამოიყურებოდა ის?

- შენიღბული ჰქონდა მთლიანი სახე, ამიტომაც სახის ნაკვთები არ უჩანდა. სპორტული აღნაგობის ადამიანი იყო, საშუალო სიმაღლის. სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია. საკმაოდ კარგი მომზადებული ჩანდა.

- რა შეიარაღებით იყო მძარცველი?

- მძარცველს კალაშნიკოვის ავტომატი ჰქონდა თან, აგრეთვე მაკაროვის პისტოლეტი, რომელიც თავის ჩასადებში ედო და F1-ის ხელყუმბარა, რომელსაც დამცველი ჰქონდა მოხსნილი.

- ერთ-ერთმა მძევალმა თქვა, რომ მძარცველმა საჭმელი გაჭამათ... რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს?

- საჭმელი გვაჭამა ცოტა ხმამაღალი და არაზუსტი ნათქვამია, რადგან ერთ-ერთ ადამიანს ჰქონდა ჩანთაში ხაჭაპური და მან უბრალოდ, საშუალება მისცა ადამიანებს, რომ ეჭამათ.

- გამოირჩეოდა თუ არა მძარცველი "ჰუმანურობით"?

- ჰუმანურობის რა გითხრათ, ეს ადამიანი არ არის ცივსისხლიანი მკვლელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მაგაზეც წამსვლელი იყო, ალბათ. ვფიქრობ, რომ უშინაარსოდ ამას, მაინც არ გააკეთებდა, ესე უბრალოდ არავის დახოცავდა. მას, უბრალოდ, თანხის წაღება უნდოდა და არა - ადამიანების დახოცვა.

- იცოდა თუ არა მძარცველმა ბანკის სახურავზე განვითარებული მოვლენები, როდესაც სამართალდამცველებს მძევლები სახანძრო კიბის დახმარებით ჩამოყავდათ ქვემოთ?

- დიახ, მან იცოდა ამის შესახებ, ტელევიზიით ადევნებდა თვალს და ამის შემდეგ გაღიზიანდა კიდეც, ჩემი აზრით, გაღიზიანების მიზეზი ის იყო, რომ ის კონტროლი ვერ განახორციელა, რა ხარისხის კონტროლსაც გეგმავდა. ვიღაცეები ისე გავიდნენ, რომ მან ეს არ იცოდა.

- თავდაჯერებული იყო დამნაშავე, თუ ნერვიულობდა მაშინ, როდესაც თქვენთან ერთად იყო?

- საერთოდ არ ნერვიულობდა, ძალიან თავდაჯერებული ტიპი იყო. ზუსტად იცოდა, რაზეც მიდიოდა და იმისთვისაც კი მზად იყო, რომ შესაძლოა, ცოცხალი ვერ გადარჩენილიყო.

- ყველაზე მეტად რომელ მომენტში დაიძაბა დამნაშავე, როდის გაღიზიანდა?

- მძარცველი გაღიზიანდა მაშინ, როდესაც სამხარეო პოლიციის უფროსის ტელეფონზე დარეკვა დაავალა მძევალს და მობილური ტელეფონი გამორთული იყო, მან ჩათვალა, რომ პოლიცია შტურმისთვის ემზადებოდა და თვითონაც დაიწყო ფსიქოლოგიური მზადება შეტაკებისთვის. რამდენიმე წუთში მან კვლავ დაარეკინა ერთ-ერთ მძევალს და მაშინ უკვე საუბარი შედგა მათ შორის.

- რა საუბარი შედგა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ავთანდილ გალდავასა და მძარცველს შორის?

- მძარცველი ითხოვდა, რომ შენობაში შემოსულიყო ისეთი ადამიანი, ვინც კომპეტენტური იქნებოდა მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე.

ამ დროს ბატონი გალდავა ზუგდიდში არ იმყოფებოდა, თუმცა გზაში იყო და ჩვენსკენ მოემართებოდა. ამის შემდეგ დამნაშავემ ითხოვა ისეთი პირის შემოგზავნა, რომელიც უკვე ზუგდიდის ტერიტორიაზე იყო, თუმცა ამაზე უარი მიიღო.

ავთანდილ გალდავა თვლიდა, რომ მისი პასუხისმგებლობა იყო ბანკში შემოსვლა და თავად გადაწყვიტა ამხელა პასუხისმგებლობის თავზე აღება.

მათი კომუნიკაცია თავდაპირველად ტელეფონის საშუალებით მოხდა, აგრეთვე ტელეფონში შეთანხმდნენ, როგორ უნდა შემოსულიო გალდავა ბანკის ტერიტორიაზე, როგორ უნდა მიეტანა თანხა, როგორ უნდა გამოსულიყო გარეთ და ა.შ.

- როდესაც ავთანდილ გალდავა შემოვიდა, მიმართა თუ არა მძევლებს და რა კომუნიკაცია დაამყარა თქვენთან?

- ჩვენთვის არ მოუმართავს, ის მუდმივად ესაუბრებოდა მძარცველს, რომ ყველა მძევალი გაეშვა და მხოლოდ ის წაყვანა თან, მაგრამ მძარცველი არ დათანხმდა ამ შეთავაზებას. ბატონმა გალდავამ მოახერხა და 4 მძევლის ნაცვლად 3 წააყვანინა და მისი საუბრით და შეგონებებით 1 მძევალი გაათავისუფლებინა.

- რომელი მხარე უფრო აქტიურობდა მოლაპარაკებაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა თუ მძარცველი?

- მძარცველი საკმაოდ სიტყვაძუნწი ადამიანი იყო და ბევრს არ საუბრობდა. ბატონი ავთო საუბრობდა უფრო მეტს, ცდილობდა, დაეთანხმებინა დამნაშავე და ყველა მძევალი გაეთავისუფლებინა.

რაც შეეხება მძარცველს, ის თავისი პირობების შესრულებას ითხოვდა, ყოველგვარი ხელისშემშლელი ქმედებების გარეშე პოლიციის მხრიდან.

აფრთხილებდა გალდავას, რომ თუ კი ვინმე დაიღუპებოდა, ეს პოლიციის ქმედებიდან გამომდინარე იქნებოდა.

- დაითვალა თუ არა მძარცველმა ავთანდილ გალდავას მიერ გადაცემული თანხა და თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ოდენობის იყო ეს ?

- თანხის ოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ,  თუმცა, როდესაც ბატონი გალდავა ამოვიდა ჩანთით, ხელში გაახსნევინა მას ეს ჩანთა და 5 პოლიეთილენის შეკვრა ამოაღებინა და გვერდით ჩანთასთან დაადებინა, ამის შემდეგ ისევ უკან ჩაადებინა. როგორც ჩანს, ამით დარწმუნდა თანხის სიზუსტეში.

რა ინფორმაცია გაქვთ მძევლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ?

- სიმართლე გითხრათ, მხოლდ ერთი მძევლის შესახებ ვფლობ ინფორმაციას, რომლის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ლოგიკურად მძიმეა.

- გაიხსნა თუ არა "საქართველოს ბანკის" გაძარცვილი ფილიალი და განაგრძობს თუ არა ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას?

- აი, ზუსტად ახლა ვდგავარ ამ ფილიალის წინ და ის, ჯერჯერობით, არ გახსნილა, მხოლოდ ჩასარიცხი აპარატები და ბანკომატი მუშაობს.

ხატია მამულია