შინაგან საქმეთა სამინისტროს დილეტანტი გომელაური მართავს - ოქრუაშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს დილეტანტი გომელაური მართავს - ოქრუაშვილი

A+ A-

18:05 23/10/2020

8 წლიანი უსუსური, არაეფექტური მმართველობის შედეგია ქვეყანაში კრიმინალის ზრდა, რაც ზუგდიდის ინციდენტმა კიდევ უფრო წაახალისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას კი უუნარო მინისტრი ვახტანგ გომელაური მართავს.ამის შესახებ „2020NEWS“- თან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ადამიანები დაუსჯელობის სინდრომმა კიდევ უფრო გაათამამა.

„8 წლიანი უსუსური, არაეფექტური მმართველობის შედეგია ქვეყანაში კრიმინალის ზრდა, რაც ზუგდიდის ინციდენტმა კიდევ უფრო წაახალისა. კრიმინალური ქმედებებისაკენ მიდრეკილ ადამიანებს, ზუგდიდში მომხდარმა დაუსჯელობის ფაქტმა, ბუნებრივია, ხელ-ფეხი გაუხსნა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, 21 ოქტომბერს ხელისუფლებამ აჩვენა თავისი არაეფექტურობა.

სამართალდამცავ სისტემას შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა, თუნდაც გამოეყენებინა „დრონის“ აპარატი, ღამის ხედვის სისტემა, რაც არ გააკეთა. ამ დროისათვის მინიმუმ, ბანკის მძარცველი იდენტიფიცირებული უნდა უყოს. უკვე უნდა ვიცოდეთ მისი სახელი და გვარი. გავრცელებული უნდა იყოს ფოტორობოტი და საზოგადოება ჩართული იყოს დამნაშავის ძიებაში, რომ ასეთი ძარცვა პრეცედენტი არ გამხდარიყო სხვათა წასახალისებლად“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან ერთი თვის წინ, ქუთაისში ინტელექსპრესის“ ფილიალში მომხდარი ქურდობის ფაქტი გაიხსენა, რა დროსაც დამნაშავეებმა ბანკის საცავში სპეციალური გვირაბით შეაღწიეს და იქედან 300 ათასი ლარი გაიტაცეს. ამ დრომდე სისტემას დამნაშავეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ოქრუაშვილის თქმით, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა.

თუ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვალა, კრიმინალის დონე გაიზრდება, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით შს მინისტრის, გომელაურის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სისტემას მართავს დილეტანტი “, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც შეიარაღებული მძარცველმა მძევლების გაშვების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ლარის მიღება და მიმალვა მოახერხა, ქვეყანაში რამდენიმე კრიმინალური ფაქტი დაფიქსირდა. დანაშაულის შემთხვევები მოხდა ქობულებში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში. დედაქალაქში რამდენიმე მაღაზიასა და ობიექტზე განხორეციელდა თავდასხმა. დღესვე ავჭალაში ყოფილი პოლიტპატიმარი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

ირინა მაკარიძე