მოსამართლეთა კლანი ემზადება, რომ შესაძლო პოლიტიკურ ცვლილებებს კიდევ უფრო მეტი ძალაუფლებით დახვდეს - ნაზი ჯანეზაშვილი
მოსამართლეთა კლანი ემზადება, რომ შესაძლო პოლიტიკურ ცვლილებებს კიდევ  უფრო მეტი ძალაუფლებით დახვდეს - ნაზი ჯანეზაშვილი

A+ A-

11:51 23/10/2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომა საპარლამენტო არჩევნებს და შესაძლო პოლიტიკურ ცვლილებს უკავშირდება. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „2020NEWS“- თან საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, არჩევნების წინა დღით, 30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართავაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სტრატეგიის ნაწილია.

„გიორგი მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომა უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს და შესაძლო პოლიტიკურ ცვლილებებს. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სტრატეგიის ნაწილია 30 ოქტომბერს დაგეგმილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაც, რომელიც არის რიგგარეშე და ამ დროისათვის არავის გასდიოდა ვადა. როგორც ჩანს, უშვებენ მოსალოდნელ ცვლილებებს, რადგან მომავალში რა მოხდება, ამის პროგნოზირება ახლა შეუძლებელია. ისინი ამ ხელისუფლების პირობებში თავს კომფორტულად გრძნობენ და ემზადებიან, რომ შესაძლო პოლიტიკურ ცვლილებებს კიდევ უფრო მეტი ძალაუფლებით დახვდნენ“,- აცხადებს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.

„სასამართლო რომ დამოუკიდებელი იყოს, ის არჩევნების წინა დღეს ამ სამზადისით არ იქნებოდა დაკავებული. ამასთან, როგორც ამ კლანს ჩვევია, კვლავ ხდება დროით მანიუპულირება და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ისეთი დროის შერჩევა, როდესაც საზოგადოების ყურადღება სხვა მიმართულებით არის გადატანილი“, -აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობა დატოვა. ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ.