იგორ გიორგაძეს რამე დაეჯერება? ივანიშვილი რუსეთის კაცი არ არის - გია ხუხაშვილი
იგორ გიორგაძეს რამე დაეჯერება? ივანიშვილი რუსეთის კაცი არ არის - გია ხუხაშვილი

A+ A-

19:05 20/10/2020

„იგორ გიორგაძეს რამე დაეჯერება? შეიძლება ტრაბახობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კავშირი აქვს. .. ივანიშვილი რუსეთის კაცი არაა, ის თავის თავის კაცია. არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, თითქოს, ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა და პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "2020NEWS"-თან ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანიის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული სკანდალური აუდიოჩანაწერით "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უცნობ წევრსა და უშიშროების გენერალს, ტერორიზმში ბრალდებულ იგორ გიორგაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ საქართველოს უშიშროების ძებნილი ექსშეფი შვედეთში მცხოვრებ რუს ოლიგარქს დახმარებას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრისათვის.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, მას ჩანაწერი არ მოუსმენია, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული ფარულ ჩანაწერზე კომენტარის გაკეთება არც სურს. ამასთანავე, ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ინტერესების გასატარებლად ვინმესთან ითანამშრომლოს, თუმცა გამორიცხავს,  რომ  „ქართული ოცნების“ლიდერი  საქართველოში რუსეთის პოლიტიკას ატარებს.

"მე ვერაფერს გამოვრიცხავ, ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ვერც დავადასტურებ.

ბიძინა ივანიშვილს რამდენადაც ვიცნობ, იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია, მიმაჩნია არასერიოზულად.

ეს ჩანაწერი არ მომისმენია და არ ვიცი. წინასაარჩევნო პერიოდში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არც მინდა კომენტარის გაკეთება.

ისმის, ვისზეა საუბარი? ვინ არის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი? ან გიორგაძეს რა დაეჯერება, შესაძლოა, ის იტყუება?

შეიძლება რეალურია, შეიძლება არა, ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ ხმამაღალი განცხადება გაკეთდეს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია, მე ეს მიმაჩნია არასერიოზულად.

ბიძინა ივანიშვილი არის თავის თავის კაცი. მან საკუთარი ინტერესებისათვის შეიძლება ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულ პოლიტიკას ატარებს საქართველოში", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ივანშვილის ყოფილი მრჩევლის თქმითვე, ის, რომ იგორ გიორგაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან აქვს კავშირი, სულაც არ ნიშნავს იმას, ეს კავშირი რეალურია.

"შეიძლება იგორ გიორგაძე ტყუილს ამბობდეს, გაგიკვირდებათ გიორგაძისგან? შეიძლება ტრაბახობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულია, ბევრი ამბობს ასე, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა", - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ იგორ გიორგაძესა და შვედეთში მცხოვრებ რუს ბიზნესმენს შორის საუბრის აუდიო ჩანაწერი დღეს გაავრცელა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ჩანაწერით დგინდება ბიძინა ივანიშვილის კავშირი რუსეთის უშიშროებასთან, ხოლო "ქართული ოცნების" გენერალური მდივანმა კახა კალაძემ ფარულ ჩანაწერს მორიგი "სისულელე" უწოდა. ის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და უშიშროების ექსშეფს შორის რაიმე კავშირის არსებობას გამორიცხავს.

ირინა მაკარიძე