ქვეყანაში ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება - რაზე შეთანხმდა პრემიერი და ბიზნეს სექტორი?
ქვეყანაში ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება - რაზე შეთანხმდა პრემიერი და ბიზნეს სექტორი?

A+ A-

17:11 20/10/2020

ქვეყანაში ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ბიზნესის ერთსულოვანი თხოვნაც, რომ ასეთი ჩაკეტვები აღარ მოხდეს და ამას ხელისუფლება არანაირად არ აპირებს. ამის შესახებ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრისა და მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ლოკდაუნს საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

„პირველი, რაც გვითხრა პრემიერ-მინისტრმა იყო ეს და შემდეგ დისკუსიის პროცესში  რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას ორი მიზეზის გამო – საკმაო გამოცდილებაა დაგროვილი უკვე, რომ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა. მაშინდელი პერიოდი და დღევანდელი პერიოდი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა ჩაკეტვა, რომ თეორიულადაც მოხდეს უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე რაიმე სიკეთე იქნება. ამაში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამაში მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ამას არ აპირებს და ამის გაკეთება არ იქნება სწორი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ორი საკითხი დააყენეს, რომლებიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უკავშირდება.

„დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და ყველა მოთხოვნა დავიცვათ ამ კუთხით და მეორე, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ბოლო ნაწილთან დაკავშირებით პრემიერთან ორი კონკრეტული საკითხი დავაყენეთ. 1-ელი დეკემბრისთვის ტურიზმის ინდუსტრიას იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება უდგება, რომლის 4 თვით გადავადებაც განხორციელდა. ამ ინდუსტრიას წელს არ უმუშავია და მომავალ თვეებში არაა კარგი პროგნოზი და ამ დაგროვილი გადასახადის ჩამოწერას ვითხოვთ. მეორე საკითხი, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე. ვადა ამ შეღავათის 1-ელ ნოემბერს იწურება და ჩვენი თხოვნაა, მინიმუმ კიდევ 6 თვის ვადით გაგრძელდეს ეს შეღავათი. ამავე დროს, პრემიერს ვუთხარით, რომ ბიზნესი მზადაა, რომ ამ შეღავათების მიღების შემთხვევაში დავიცვათ და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.