გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა მიმდინარეობს და უმკაცრესი რეაგირება იქნება - რიჟვაძე ხელვაჩაურის ტრაგედიაზე
გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა მიმდინარეობს და უმკაცრესი რეაგირება იქნება - რიჟვაძე ხელვაჩაურის ტრაგედიაზე

A+ A-

18:31 02/10/2020

ოჯახი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოში მეწყერმა მოიყოლა, მეზობლების განცხადებით, წლების განმავლობაში შველას ითხოვდა, თუმცა გეოლოგიურმა სამსახურმა გასცა ცნობა, რომ მათი სახლი მეწყერსაშიშ ზონაში არ მდებარეობდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი აცხადებს, რომ გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით, მოკვლევა მიმდინარეობს და უმკაცრესი რეაგირება იქნება.

„ეს ოჯახი წლებია ითხოვს დახმარებას, რადგან მეწყერის ზონაში ცხოვრობენ. 3 წლის წინ გვერდი გამოუღეს სახლს. სარდაფში წყალი ამოდიოდა.არაერთგზის დაწერეს განცხადება, მაგრამ გეოლოგიურმა სამსახურმა ზერელედ, ზედაპირულად, უპასუხისმგებლოდ გასცა დასკვნა, რომ მათ სახლში ცხოვრება უსაფრთხო იყო და ამ ოჯახის გაყვანის აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ  ხედავთ, რა მდგომარეობაა?

ცოცხლები დაიმარხნენ. ადამიანის სიცოცხლე ფასეული აღარ არის ჩვენს ქვეყანაში, ესაა პრობლემა“, - განაცხადა სოფელ ჯოყოს მაცხოვრებელმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.

„მეწყრული პროცესები უეცრად მოვარდნილმა უხვმა ნალექმა განაპირობა. გეოლოგიასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, მეწყერში მოყოლილი ოჯახის 2 წევრი და 2 სტუმარი მეხანძრე-მაშველებმა უკვე იპოვეს, არასრულწლოვანის ძებნის პროცესი გრძელდება.