ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

A+ A-

10:30 02/10/2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. როგორც “2020NEWS“-ს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ განუცხადა, სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც  მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მეწყერის ჩამოწოლის დროს ერთი ოჯახის 5 წევრი დაიკარგა, აქედან 3 პირი სახლში იმყოფებოდა, ხოლო ორი - მანქანაში.

“სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დაკარგული 5 ადამიანი ჯერ არ გვიპოვია. დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ სახლში იმყოფებოდა 3 პირი, ორი კი მანქანაში“, -განუცხადა ვარშანიძემ სააგენტოს.

მისივე თქმით, მეწყერმა სოფელ ჯოჭორში, მიწაში ჩაყოლილი სახლის გარდა,  პატარ-პატარა დაზიანებები გამოიწვია, თუმცა ფატალური შედეგები არ არის.

“ლოკალური პატარ-პატარა დაზიანებები არის, მაგრამ საბედნიეროდ, სხვაგან ფატალური შედეგები არ გვაქვს. კომისია შეიქმნა და მეწყერის მიერ გამოწვეულ ზარალს სწავლობს“, - განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ “2020NEWS“-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით აჭარაში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწამ 5 ადამიანი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მთელი აჭარის მასშტაბით, სამუშაოებში აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია ჩართული, 60-კაციანი შემადგენლობით. აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით. ამ დროისთვის, ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მომხდარია - ნათქვამია საგანგებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

მარი ხარაშვილი