N1- ჯაში, N2 - ნაცვლიშვილი, N3 - გოგიჩაიშვილი - "ოცნებიდან" დემარშით წასულების პარტიული სია ექსკლუზიურად "2020NEWS"-გან
N1- ჯაში,  N2 - ნაცვლიშვილი,  N3 - გოგიჩაიშვილი - "ოცნებიდან" დემარშით წასულების პარტიული  სია ექსკლუზიურად "2020NEWS"-გან

A+ A-

18:33 30/09/2020

ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ საარჩევნო სიის პირველი ექვსეულის ვინაობა, სააგენტო “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სიის 10-ეული პარტიის დამფუძნებლებისდა მაჟორიტარობის კანდიდატებისგან დაკომპლექტდება.  ამ სიაში „ოცნებიდან“ დემარშით წასული  დეპუტატების გარდა, მოხვდებიან ახალი სახეებიც, მაგალითად პოლიტიკურ ასპარეზზე გედევან ფოფხაძის ძმა, ბესო ფოფხაძეც გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ცალკეული დეპუტატები 4 წლის მანძილზე „ოცნების“ მოქმედი კანონმდებლებისგან განსხვავებით, აქტიურ საპარლამენტო ცხოვრებას ეწეოდნენ, ამ გუნდის ახალი პოლიტიკური პარტიის ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია, შესაბამისად, გამოკითხვების თანახმად, მათი რეიტინგი 1%-ზე მაღალი არ არის.

თუმცა, არჩევნებამდე 1 თვეა დარჩენილი და ვნახოთ, პიროვნულად ცნობადი სახეები როგორ გაზრდიან პარტიის ცნობადობას საზოგადოებაში. მათი სიის ათეულის უმრავლესობა მაჟორიტარულ ფრონტზეც ცდის ბედს.

მაშ ასე,“2020NEWS” გთავაზობთ ახალი პარტიის ცნობილი სახეების საარჩევნო სი შვიდეულის ზუსტ შემადგენლობასა და თანმიმდევრობას:

მარიამ ჯაში - სიის პირველი ნომერი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიის გენერალური მდივანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჯაშის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელს უკავშირდება და ის „ქართულ ოცნებაში“ კვირიკაშვილის კადრად მოიაზრებოდა.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის ყოფილ წევრსა და ამჟამად „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ გენერალურ მდივანს მაჟორიტარი დეპუტატობის გამოცდილებაც აქვს. იგი მე-9 მოწვევის პარლამენტში სწორედ სამგორის მაჟორიტარის რანგში შევიდა. სააგენტოს ინფორმაციით,  ჯაშს ნათესაური კავშირი აქვს „ქართული ოცნების“ წევრთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან. ისინი დეიდაშვილები არიან.

ბექა ნაცვლიშვილი - ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი და ყოფილი სოციალ-დემოკრატი ახალი პარტიის სიის მე-2  ნომერი იქნება.

ჯაშის მსგავსად, ნაცვლიშვილსაც  მაჟორიტარობის გამოცდილება აქვს და სწორედ ამ რანგით - მთაწმინდის მაჟორიტარად- მოხვდა მე-9 მოწვევის პარლამენტში. არაპოლიტიკურ რაკურსში, ნაცვლიშვილს ნათესაური კავშირი აქვს მომღერალ ირმა სოხაძესთან. იგი სოხაძის სიძეა.

ლევან გოგიჩაიშვილი  - სიის მე-3 ნომერი სწორედ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი  იქნება. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ სხვა წევრების მსგავსად, გოგიჩაიშვილსაც აქვს მაჟორიტარობის გამოცდილება. მას „ქართული ოცნების“ ეგიდით საბურთალოს მაჟორიტარის სტატუსი უკვე მოპოვებული აქვს.

2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში გოგიჩაიშვილი ახალი პარტიის სახელით  საბურთალოს მაჟორიტარობისთვის ხელახლა იბრძოლებს.

გედევან ფოფხაძე - ახალ პარტიის საარჩევნო სიაში მე-4 ნომრად და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად განმწესდა.

შესაბამისად, ფოფხაძე 31 ოქტომბრის არჩევნებში კვლავ ბორჯომელი ამომრჩევლის ნაცვლად, დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩევლის გულის მოგებას შეეცდება.

ზვიად კვაჭანტირაძე - სიის მე-5 ნომერი იქნება და პარტიის ცნობილი ექვსეულიდან ერთადერთი იქნება, რომელიც მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებს და მე-10 მოწვევის პარლამენტში  საარჩევნო სიით შესვლას შეეცდება.

მსგავსად სხვა თავისი თანაგუნდელებისა, „ქართული ოცნება“ კვაჭანტირაძემაც დემარშით დატოვა.

ჯაბა ჯიშკარიანი -  მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც უწინასამეტყველებენ, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს რეალურ ოპონირებას გაუწევს,სიის მე-6 ნომერი იქნება.

ჯიშკარიანი ის კანდიდატია, რომლის პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ 2016 წელს არ დაწყებულა და იგი თავის თანაგუნდელ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად აქტიურად იბრძოდა  ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

სწორედ მის ბრძოლასა და პოლიტიკურ წარსულს უკავშირებენ ორჯერ, „ქართული ოცნების“ კვოტით, მის მიერ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გამარჯვებას და ამ რანგში დედაქალაქის საკრებულოში შესვლას.

გარდა ამისა, „2020NEWS“-მა უკვე გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ უარი თქვა სიის მე-7 ნომრობაზე.  მისი თქმით, იგი გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში.

ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მე არ მოვხვდები საარჩევნო სიაში, რადგან სალაპარაკო აღარ დავუტოვო არავის და ჩემი ტრაგედია გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით, არ გააიგივონ პოლიტიკასთან.

ჩემი ამ გადაწყვეტილებით, ხელს აღარ შევუშლი არავის და იმ ადამიანებს, რომლებსაც გული უსკდებოდათ, ნიკოლაძეს პარტიაში რა უნდაო, მათთაც მოვაპოვებინებ მშვიდობას.

რეალურად, ვინც ხაზს უსვამდა იმ საკითხს, რომ მე  ჩემი პოლიტიკური პრესტიჟის მოპოვებას გიორგის ხარჯზე ვცდილობდი, ზუსტად ისინი ვიხილე პოლიტიკაში“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ „2020NEWS“-თან.

მირიან ნიკოლაძის ადგილს სიაში გედევან ფოფხაძის ძმა, ბესო ფოფხაძე დაიკავებს. ის ძმის ყოფილ სამაჟორიტაროსა და მასთან გაერთიანებულ ოლქებს შეუტევს. აღსანიშნავია, რომ ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი ძმასავით ცნობადი სახე არაა, მაგრამ დიდი ხანია პოლიტიკაშია და  მშობლიური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საარჩევნო გარემოს კარგად იცნობს.