გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეების თბილისში მოწვევის საკითხი დასავლელ პარტნიორებთან შეათანხმა - აქუბარდია
გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეების თბილისში მოწვევის საკითხი დასავლელ პარტნიორებთან  შეათანხმა - აქუბარდია

A+ A-

17:45 30/09/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივა - სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების მაგიდა თბილისში გაიმართოს, ბრიუსელში, დასავლელ პარტნიორებთან არის შეთანხმებული. ამის  შესახებ “2020NEWS”-თან საუბრისას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოზიცია არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ამ თვალსაზრისით, ქვეყნის როლი რეგიონში ყოველთვის დიდი იყო.

„საქართველოს როლი რეგიონში ყოველთვის დიდი იყო და მით უმეტეს, ახლა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან  საომარი მოქმედებები ორ მეზობელს შორის მიმდინარეობს. ჩვენი ქვეყნის პოზიცია კი ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა.

თითქმის ყველა ექსპერტი საქართველოს მთავრობას მსგავსი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებდა, რადგან ორ  პარტნიორ ქვეყანას შორის ასეთი კონფლიქტი რეგიონისთვის საფრთხის შემცველია“, - განაცხადა აქუბარდიამ სააგენტოსთან საუბრისას.

აქუბარდიას თქმითვე, მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს გამოეჩინა ინიციატივა და მოეწვია ორი დაპირისპირებული მეზობელი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, რადგან რეგიონში მშვიდობის დამყარება აუცილებელია.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს გამოეჩინა მსგავსი ინიციატივა, ანუ შეეთავაზებინა ორი დაპირისპირებული მეზობლისთვის თბილისში სტუმრობა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა.

ამასთან დაკავშირებით, ირაკლი სესიაშვილის განცხადებაც გვახსოვს, სადაც იძახის, რომ მხარეები თუ კი მოგვმართავენ მსგავსი თხოვნით, ჩვენ უარს არ ვეტყვითო.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, მისი ეს ინიციატივა ბრიუსელიდან იმისკენ მიუთითებს, რომ მან ეს საკითხი დასავლელ პარტნიორებთან შეათანხმა“, - განუცხადა სააგენტოს თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ორ დაპირისპირებულ მეზობელს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობიანი დიალოგის გამართვისთვის თბილისში შეკრება შესთავაზა.

ხატია მამულია