"საქართველოს მედია-კლუბი" "ქართული ოცნებისგან" მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს
"საქართველოს მედია-კლუბი" "ქართული ოცნებისგან" მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

A+ A-

16:53 30/09/2020

ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მირიან გიორგაძეც იღებდა. ორგანიზაცია მმართველ გუნდს  გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.

„29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იკვეთება, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც, ამავდროულად, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსია.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მას და მამამისს ფიზიკურად სწორედ გიორგაძე და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა მოთავსებული. გიორგაძეს ადანაშაულებს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „2020“-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც.

ჩვენი ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასევე რამდენჯერმე დაფიქსირდა ამირან გიორგაძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტიც.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოვუწოდებთ უწყებას, უსწრაფესად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს დამნაშავე პირები „ , - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს მედია-კლუბის“  წვრების თქმით, შსს-ს მიერ ოპერატიულად გატარებული ზომები ხელს შეუწყობს მსგავსი დაპირისპირებების პრევენციას, ამიტომაც მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მომხდართან დაკავშირებით.

„ შსს-ს მიერ ოპერატიულად გატარებული ზომები ხელს შეუწყობს შემდგომში მსგავსი დაპირისპირების პრევენციას.

ამასთან, ამირან გიორგაძე არის „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამ თანამდებობაზე საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აირჩია . შესაბამისად, ბატონი გიორგაძე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მმართველი პარტიის წარდგინებითა და მისი წევრების მხარდაჭერით გახდა პოლიტიკური თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია ვალდებულია, მის ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. ამიტომაც, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მეშვეობით, დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან. ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისთვის, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ დაუშვას ძალადობა და უკანონო ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას”, - ნათვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში  მომხდარი დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაშავდნენ. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.