იმედია, გახარიას შეთავაზება, თბილისში მოხდეს ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეების შეხვედრა, ცარიელი სიტყვები არაა - ნაცვლიშვილი
იმედია,  გახარიას შეთავაზება, თბილისში მოხდეს ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეების შეხვედრა, ცარიელი სიტყვები არაა - ნაცვლიშვილი

A+ A-

17:17 30/09/2020

„იმედია, გიორგი გახარიას  შეთავაზება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მონაწილე მხარეებისათვის დიალოგის წარმართვის მიზნით შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში,  არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები“, - აცხადებს „2020NEWS“- თან  საუბრისას. „ლელო საქართველოსათვის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი.

„ლელოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი იმედოვნებს, რომ თბილისში ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების მასპინძლობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„იმედი მაქვს,  პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ  განცხადების გაკეთებამდე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულია, რომ  შეთავაზებები იყოს რეალური და არა - განცხადება განცხადებისთვის.  ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი როდესაც აკეთებს მსგავსი ტიპის უმნიშვნელოვანეს განცხადებას, შეთავაზებას კონფლიქტში ჩართული ორი მხარის მიმართ, ამას წინ  უნდა უძღოდეს ძალიან სერიოზული სამუშაოები.  

იმედი მინდა დავიტოვო,  რომ ეს განცხადება არის ამ პროცესის გაგრძელება და ამით  არ იწყება ფიქრი საქართველოს როლზე   მიმდინარე პროცესებში. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადება ქვეყნის ყველა სტრუქტურისა და სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობის საფუძველზე გაკეთდა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით,  პოლიტიკური ორგანიზაციის „ლელოს საქართველოსთვის“ პოზიცია იმთავითვე  იყო,  რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში საქართველომ უნდა იტვირთოს მნიშვნელობანი როლი - გამომდინარე ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერობიდან ორივე ქვეყანასთან“, - განუცხადა ნაცვლიშვილმა  „2020NEWS“-ს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ  საქართველო მზადაა, უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში.

ირინა მაკარიძე