საქართველოს ტერიტორიას სამხედრო მიზნებისთვის ვერ გამოიყენებენ - ირაკლი სესიაშვილი
საქართველოს ტერიტორიას სამხედრო მიზნებისთვის ვერ გამოიყენებენ - ირაკლი სესიაშვილი

A+ A-

18:41 29/09/2020

მოლოდინი, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, შესაძლოა, რომელიმე სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორია საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის და ტრანზიტისთვის გამოიყენოს, არ არსებობს. ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს ნეიტრალური პოზიციები აქვს აზერბაიჯანსა და სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რამდენადაც საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს ორიმე მხარესთან.

„საქართველოს ერთგვარი ნეიტრალური პოზიციები აქვს ამ კონფლიქტთან მიმართებით გასაგები მიზეზების გამო, რამდენადაც ჩვენ მართლაც გამორჩეული, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორივე სახელმწიფო უფრთხილდება ამ ჩვენს პოზიციებს.

ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის, საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ამაზე ჩვენ მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის, ეს იციან ჩვენმა მეზობლებმა და ამ ჩვენს მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან“, - განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმითვე, საქართველოს მოწოდებაა, რომ მეტი დრო დაუთმონ მხარეებმა დიალოგს და ცეცხლი შეწყვიტონ.

„რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არის ის, რომ ცეცხლი შეწყდეს და მეტი დრო და რესურსი იქნას გამოყენებული მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. საერთაშორისო საზოგადოება იცით, რომ აქტიურად არის ჩართული და წამყვანმა ლიდერებმა მოუწოდეს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და აქაც ჩვენ ვუერთდებით ამ მოწოდებებში საერთაშორისო თანამეგობრობას", -  ამბობს სესიაშვილი.