კრიმინალური "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება - მდინარაძე მარნეულის ინციდენტზე
კრიმინალური "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება -  მდინარაძე მარნეულის ინციდენტზე

A+ A-

17:41 29/09/2020
კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს.
მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ აქტივისტების პროვოკაციაზე წამოგებას უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ცესკო-ს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
 
„კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკო-ს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, „ქართული ოცნების“ შტაბი, სადაც მძიმე შეურაცხოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ნაცმოძრაობის მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ ცესკო-ს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკო-ს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად“, – განაცხადა მდინარაძემ.
 
მისი თქმით, რამდენიმე დღეა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს
 
„დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკო-ს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან იციან, რომ მათ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები“, – განაცხადა მდინარაძემ.
 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მოქალაქეებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებზე რეაგირებისგან თავი შეიკავონ.
 
„როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციები აქვს განსაზღვრული. ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ არ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან საქართველოს მოსახლეობას ასევე აქვს უნიკალური შანსი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს ისტორიულ მინიმუმზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მოუწოდა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შეტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“, – აღნიშნა მდინარაძემ.