მიდის თუ არა ნაზი ჯანეზაშვილი პოლიტიკაში და გახდება თუ არა გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი?
მიდის თუ არა ნაზი ჯანეზაშვილი პოლიტიკაში და გახდება თუ არა  გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი?

A+ A-

17:06 29/09/2020

1 ოქტომბერს პარტიულ სიას წარადგენს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.  „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით,  ყოფილ პარლამენტარ შოთა მოლაშხიასთან ერთად,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის ათეულში წამყვან პოზიციებს დაიკავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელთანაც კონსულტაციები მიმდინარეობდა.

ამ ინფორმაციაზე კოალიციის ლიდერები გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი კომენტარს არ აკეთებენ.

ვაშაძის თქმით, რამდენადაც თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელდა, ახლა დაიწყო პარტიულ სიაზე მუშაობის შიდა პროცედურები და საზოგადოებას კოალიციის სიას 1 ოქტომბერს წარუდგენენ. 

 

„გიდასტურებთ, რომ ჩვენი კოალიციური სიის პირველი და მეორე ნომერი მე და ქალბატონი თაკო ჩარკვიანი ვიქნებით. ამ ეტაპზე შიდა პროცედურებს გავდივართ. თაკო ჩარკვიანთან უნდა გავიარო კონსულტაციები და საბოლოო პასუხს 1 ოქტომბერს, ერთად შეგატყობინებთ“, - განუცხადა გიორგი ვაშაძემ სააგენტოს.

„თქვენს ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. საბოლოო პასუხი 1 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ბევრი ნაცნობი და საზოგადოებისთვის სასიამოვნო სახეები იქნებიან სიაში. ამ ეტაპზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩვენ კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ:

 

კოალიციის საარჩევნო სიის ათეულში იქნებიან: უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია, რომელიც სიის 5-ეულში მოხვდება.

ათეულში იქნებიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და  პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები: სერგო ჩიხლაძე და ანა კობახიძე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიის ათეულში წამყვან პოზიციებზე შესაძლოა, აღმოჩნდეს იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. თუმცა, როდესაც „2020NEWS“-მა ეს ინფორმაცია პირადად მასთან გადაამოწმა, ჯანეზაშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ამბავი მისი სიაში შესაძლო გამოჩენის თაობაზე.

„მართლა არ ვიქნები არავის სიაში. აგერ დარწმუნდებით თქვენც 2 დღეში. სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებზე ბევრ დაინტერესებულ მხარესთან მაქვს დისკუსიები, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.   

ჩვენი ინფორმაციით კი, ის, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდში აღმოჩნდეს, ამის სურვილი კოალიციაში დიდია. თუმცა, ვნახოთ, მართლაც 2 დღეში გახდება ცნობილი, შეძლებენ თუ არა შეუვალი და ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანთან მებრძოლი არამოსამართლე წევრის დათანხმებას ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელში“.

მანამდე კი მათ თანხობა უკვე მიიღეს 3 მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრისგან,  შოთა მოლაშხიასგან, რომელიც ასევე წამყვან პოზიციებზე იქნება გიორგი ვაშაძის კოალიციის სიის ათეულში.

შეგახსენებთ,  პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 1 ოქტომბერს ეწურებათ. 

რუსა მუმლაძე

ხატია მამულია