სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია

A+ A-

12:38 27/09/2020

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია.

მომხდართან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.

მთიან ყარაბაღში მოქალაქეებს ურჩევენ, სახლიდან არ გავიდნენ და ბუნკერებში ჩავიდნენ.