ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, რა ამერიკელები? - ხვიჩა მღებრიშვილი
ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, რა ამერიკელები? - ხვიჩა მღებრიშვილი

A+ A-

16:59 25/09/2020

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის განცხადებით, თითქოს იგი ღამურების დასაჭერად საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა, სისულელეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული მღებრიშვილი აცხადებს, მან ცხინვალის საპატიმროში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სხვა ქართველებიც ნახა.

მისივე თქმით, უკანონოდ დაკავებული სხვა პირებიც გათავისუფლებას ელოდებიან.

„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები.

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან“,- განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილის მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი ღამურები იყო. მათივე მტკიცებით, ის დასახლებულ პუნქტებში ღამურების მოძებნას აპირებდა შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე თითო ღამურის 5 000 აშშ დოლარად რეალიზაციის მიზნით.