პარტიები ბიზნესმენებს საკუთარ ეკონომიკურ პროგრამებს გააცნობენ
პარტიები ბიზნესმენებს საკუთარ ეკონომიკურ პროგრამებს გააცნობენ

A+ A-

12:13 24/09/2020
საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველო- ევროკავშირის ბიზნესსაბჭომ“ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ მაგიდასთან ისევ დასვა. ამ მაგიდასთან პარტიები ბიზნესმენებთან საკუთარი ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ.
 
„მრგვალი მაგიდა - „ქართული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და აუცილებელი რეფორმები - „ 2020-2024“ - ასეთი სახელწოდება ექნება შეხვედრას.
 
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: „გირჩიდან“ - ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპული საქართველოდან“ - დავით ბაქრაძე ან გიგა ბოკერია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - გიორგი ბარამიძე, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა, „ლელო საქართველოსთვის“ - მამუკა ხაზარაძე ან ბადრი ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე, ქართული ოცნება - ირაკლი კობახიძე.
 
„ეს არის ბიზნესშეხვედრა, სადაც თითოეული პარტია თავის ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს, ამისათვის კი ყველას 5-დან 10 წუთამდე გვექნება დრო. არ მგონია დებატების ფორმატი იყოს, რადგან პოლიტიკოსები არ ვხვდებით ერთმანეთს, ვხვდებით პარტიების წარმომადგენლები ბიზნესმენებს“ , - ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა.
 
ცნობისთვის, შეხვედრა დღეს, 24 სექტემბერს, 15 საათზე გაიმართება.