"დაუძინებელი მეგობრების" იმერული ბრძოლა პირველობისთვის - "ევროპული საქართველო" VS "ნაციონალური მოძრაობა"
"დაუძინებელი მეგობრების" იმერული ბრძოლა პირველობისთვის - "ევროპული საქართველო" VS "ნაციონალური მოძრაობა"

A+ A-

18:20 21/09/2020

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რომ არა, მე მქონდა გამარჯვების  შანსი ამ ოლქში“, -  აცხადებს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი მის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყოგილი გამგებელის კახა გეწაძის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.

როგორც მან 2020NEWS-თან საუბრისას განაცხადა,  ყოფილ თანაპარტიელებს შორის  მის  ოლქთან დაკავშირებით არსებობდა მოლაპარაკება, თუმცა ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, წერეთელი მიიჩნევს, რომ მეორე ტურში გადასვლას შეძლებს.

„ყოველთვის ვაცხადებდი, სადაც შესაძლებელი იყო მოლაპარაკება, ოპოზიციას უნდა ყოლოდა საერთო კანდიდატი. სულ მინიმუმ, ეს უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ შეთანხმებული კანდიდატი. ეს გაცილებით ზრდიდა ჩვენს შანსებს, ამ შემთხვევაში,  ჩემს შანსს, რომ გამემარჯვა ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, სადაც დიდი შანსი მაქვს გამარჯვების.  ეჭვი არ მეპარება,  რომ მეორე ტურში ვიქნები,  მაგრამ შემდეგ ოპოზიციური პარტიების თანადგომა იქნება საჭირო“,  - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელი მისი თანაპარტიელის გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უგულავას  ამ  ინფორმაციის  გაჟღერების საფუძველი ქონდა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ყოფილ თანაპარტიელებს  „დაუძინებელი მეგობრები“ უწოდა  და „ნაციონალური მოძრაობა“  გიგი წერეთლისათვის კონკურენტის დაყენების გამო, გააკრიტიკა.

როგორც მან აღნიშნა,  „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატობის კანდიდატი კახა გეწაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებელი ბიზნესმენის გიორგი კაპანაძის, ე.წ, რიჟას ბიზნესპარტნიორია.

„კახა გეწაძე არათუ პოლიტიკოსი არ არის, ის  არის ყველაზე ცუდი გამგებელი. მას ამ საარჩევნო ოლქში არავინ იცნობს და თუ იცნობს, ჯობია, არ იცნობდეს. ის ყოველთვის იყო საშოვარზე მოსული და ასეთი ხალხი არათუ მაჟორიტარად უნდა გინდოდეს, არამედ უნდა ცდილობდე, რომ საერთოდ არ მოვიდეს პოლიტიკაში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ირინა მაკარიძე