ბატონო პრემიერო გახარია, საჩხერე იმის მაგალითი გახდება, როგორ თავისუფლდება ხალხი ივანიშვილისგან - ანი მიროტაძე
ბატონო პრემიერო გახარია, საჩხერე იმის მაგალითი გახდება, როგორ თავისუფლდება ხალხი ივანიშვილისგან - ანი მიროტაძე

A+ A-

18:26 21/09/2020

საჩხერე იქნება მოდელი, როგორ გათავისუფლდება ეს მუნიციპალიტეტი ბიძინა ივანიშვილისგან, მისი თავგასული ნათესავებისა და „ქართული ოცნების“ მოძალადე წარმომადგენლებისგან - ასე გამოეხმაურა ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი „ლელო საქართველოდან“ ანი მიროტაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტი „სასურველი ქვეყნის მოდელია“.

მიროტაძე პირობას დებს, რომ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მშობლიური მუნიციპალიტეტის გათავისუფლების პროცესს "ლელო“ წარუძღვება წინ.

"ჩვენ წარვუძღვებით იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან სიკეთის ფასიც, მაგრამ განვითარებულ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება სურთ. საჩხერე გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ იბრუნებს ხალხი საკუთარ ღირსებას და მე ვპირდები თითოეულ საჩხერელს, რომ წინ გავუძღვები მათი გათავისუფლების პროცესს“, - განაცხადა „2020NEWS“-თან მაჟორიტარობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, „ქველმოქმედი“ ბიძინა ივანიშვილისთვის არავის ქვეყანაში, მათ შორის - საჩხერეში სიცოცხლის ბოლომდე მონობის პირობა არ მიუცია.

ბატონო პრემიერო გახარია, თქვენ დამონებული საქართველო მოგწონთ? თქვენ ღირსებააყრილი ადამიანები მოგწონთ? როგორ უბედავთ საჩხერეს და როგორ უბედავთ საქართველოს, აცხოვროთ ზეწოლის, შიშისდა უპერსპექტივობის ქვეშ? მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ხალხს ან ეშინია თქვენი, ან მართლა სჯერა იმ ტყუილების, რომლებსაც  თავზე ახვევთ?

საჩხერე, ისევე როგორც მთელი საქართველო, ცხოვრობს სიღარიბეში, უიმედობაში, უპერსპექტივობაში და ეს ხალხი ასე ცხოვრების გაგრძელებას აღარ აპირებს“,-  განაცხადა მიროტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, ჭიათურაში, საჩხერესა და ხარაგაულში მმართველმა პარტიამ ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა.