კალაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის 3 მილიონი გამოყო თბილისის ბიუჯეტიდან
კალაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის 3 მილიონი გამოყო თბილისის ბიუჯეტიდან

A+ A-

13:11 16/09/2020

თბილისის მერია კულტურის სფეროს მხარდაჭერას აგაგრძელებს და ამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს არ დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, პანდემიის პერიოდში თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კონცერტსა და კულტურულ ღონისძიებას.

„თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ის არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რომლისკენაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ თითქოს მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერი ფოტოგრაფებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომართვის შემთხვევაში, მერია მათ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.